„ბებია-ბაბუა მელაპარაკებოდა თქვენობით, მე არ ვარ ასეთი ფამილარული მაგრამ ვცდილობ ჩემ გარშემო ხმამაღალი სიტყვა არ გაჟღერდეს. ადამიანის შიგნით არსებული უწესრიგობა, გაუჯერებლობა, გაუწონასწორობა მგონია ამის მიზეზი“ , – სატელევიზიო ეთერში ბოლოდროინდელი აგრესიული და ძალადობრივი ფაქტების შესახებ ექიმმა ლადო კახაძემ „იბერიაზე“, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.
„სტუდია და ზოგადად საჯარო სივრცე არ არის ის ადგილი,სადაც შეურაცხყოფა უნდა ჟღერდეს, თუმცა უნდა იყოს უმწარესი და უმკაცრესი არგუმენტები. ზოგს გონიერებით უნდა მიაწვე, ზოგს მოხერხებით, მაგრამ არა შეურაცხყოფით. სიტყვა,რომელსაც ადამიანი იარაღად ხმარობს, შესაძლოა მოწინააღმდეგე მხარეს ისე ცუდად მოხვდეს,რომ ვერასოდეს განიკურნოს. სიტყვა წამლად და გონისთვის უნდა იხმარებოდეს, დავრდომილი ადამიანის შესაფხიზლებლად, შესაჯანჯღარებლად უნდა იხმარებოდეს, მაგრამ არა შეურაცხყოფისთვის. ნებისმიერ ადგილზე ისმის შურაცხყოფა, გინება, ვამპირიზმი, იარაღის სროლა, ძალმომრეობა. არ დარჩა ადგილი გონიერი მსჯელობისთვის, სწავლებისთვის. ყველაფრის საფუძველი არის ზნეობრივი, მორალურ-ეთიკური, საგანმანათლებლო, უფროს-უმცროსთა ურთიერთობის დეფიციტი.
თუ დიაგნოზი არ დასვი, მკურნალობას აზრი არ აქვს, შეიძლება სიმპტომს უმკურნალო, მაგრამ დაავადებას ვერ განკურნავ. დიაგნოზი არ დაგვისვამს ესეიგი, არასწორად შეგვიფასებია სიტუაცია. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ციხის, 10 მცნებიდან მხოლოდ მე-6-ს დარღვევა უნდა ისჯებოდეს. საჯარო მსახურებაში უნდა აეკრძალოს მომდევნო ორ არჩევნებში მონაწილეობა. ეკონომიკური დანაშაულისთვის კაცი ციხეში არ უნდა ჩასვან. უნდა დაამტკიცო როგორ გაჯობა ერთმა ადამიანმა სახელმწიფოს, თუ გაჯობა და მოგატყუა, ესეიგი ტვინი ჰქონია“ , – განაცხადა ლადო კახაძემ.
მანანა ღოღობერიძე