საქართველოში უამრავი სასტუმრო შენდება. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მათი ვიზუალური მხარით მოვიხიბლოთ, მაგრამ საინტერესოა აშენებისას თუ დაპროექტებისას მსოფლიოში აღიარებული სტანდარტები რამდენადაა დაცული. მით უფრო, როდესაც ცოტა ხნის წინ ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენად დახვეწილია ქართული სასტუმროების დიზაინი, ინტერიერი, საქართველოში მდებარე რომელი სასტუმროები შეიძლება ჩაითვალოს გემოვნებიანად, ამ და სხვა საკითხებზე The Tbilisi Times-ს საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ლაღიძე ესაუბრა.
რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტს ახლადაშენებული სასტუმროები, არის თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული? რა არის ყველაზე მეტად გამოსასწორებელი?
– საქართველოში თბილისსა და სხვა საკურორტო ქალაქებში ბევრ სასტუმროში, გამონაკლისების გარდა, სრულიად დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს. ბევრი სასტუმრო ამის გამო დაჯარიმებულიცაა, თუმცა ისინი განაგრძობენ მუშაობას, რასაც უახლოეს წარსულში დამსვენებელთა მსხვერპლი მოჰყვა.
შენობა-ნაგებობების დაპროექტებისას დეველობერი, ინვესტორი და არქიტექტორი, მთელი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ საერთაშორისო ნორმებს და კანონებს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დაცვით. სამწუხაროდ, უმეტესწილად, მშენებლობები დარღვევებით მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში, მშენებლობებზე, ამ დარღვევებით გამოწვეული უბედური შემთხვევების გამო ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50 მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება დაიწყო. აუცილებელია ზედამხედველობის სამსახურმა პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს ქვეყანაში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები. მშენებლებისა და უსაფრთხოების ოფიცრების განმარტებით, ქვეყანაში კანონი უსაფრთხოების შესახებ აქამდე არ არსებობდა. ბოლო დროს მიღებული კანონი “მომეტებულ საფრთხის შემცველ ობიექტებთან დაკავიშრებით” იმდენად ბუნდოვანია, რომ განმარტებაც კი არ არსებობს, რა ითვლება საფრთხის შემცველად. საერთაშორისო ნორმებით დაცული წესებიდან კი საქართველოში ერთ პროცენტსაც არ იყენებენ.
თქვენი მოსაზრებით, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქვეყნის მასშტაბით, რომ არ მოხდეს ისეთი ტრაგედიები, რაც ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ მოხდა?
– აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 (2016 წლის 28 იანვარი) ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე, ასევე, საქართველოს მთავრობის N361-ე და N477-ე დადგენილებები; საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; საქართველოს კანონი “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ”. შესაბამისად, ყველა იმ დეველოპერმა, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი და თუ კი მშენებლობა დარღვევებით ხორციელდება ან ზედამხედველობის სამსახურის მითითებები არ არის გათვალისწინებული, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გავაჩეროთ, რადგან ეს ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.
საინტერესოა, რამდენად დახვეწილია ქართული სასტუმროების დიზაინი, ინტერიერი… ამ მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს რამდენად ვაკმაყოფილებთ?
– რეალურად, რამდენად ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო სტანდარტებს, დღეს საქართველოში ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს სტანდარტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო. საქართველოში მოქმედებს სასტუმროები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ძირითადად უცხოელების აშენებულია, მაგალითად, “რედისონი” ან ბათუმის “ჰილტონი”. ეს წოდება სხვებსაც აქვთ, მაგრამ სასტუმროების უმრავლესობის “ვარსკვლავიანობა” პირობითად აქვს მინიჭებული: მაგალითად, თუ კი, სასტუმროს პატრონს უნდა, რომ ჰქონდეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – ჩამოკიდებს შესაბამის აბრას და ვერავინ შეედავება, რომ ის 5-ვარსკვლავიანი არ არის, რადგან ქვეყანაში საამისო სტანდარტი არ არსებობს. ისე, ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტანდარტები და ამის მიხედვით ანიჭებს შესაბამის სტატუსს მის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებს. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, ამიტომაც არ გვაქვს ზუსტი მონაცემები. ჩვენ კანონში იმის განმარტებაც არა გვაქვს, თუ რა არის ოტელი, საოჯახო სახლი, ჰოსტელი და ა.შ… საერთოდ კი, საერთაშორისო სტანდარტებს მოსარგებად, სასტუმროს ადგილმდებარეობა არის პირველი და უმთავრესი ღირსება, მეორე – მომსახურების დონე და მესამე – შენობა–ნაგებობა. დღეისთვის, კი ჩვენ მეორე და მესამე პუნქტში, მნიშვნელოვნად მოვიკოჭლებთ.
დღეს ყველაზე უგემოვნო და გემოვნებიანი სასუმროები რომელია?
– დღეს, საქართველოში გემოვნებიან სასტუმროებს შორის შესაძლებელია დავასახელოთ ბათუმის “ჰილტონი“, სასტუმრო რუმს ყაზბეგი, სასტუმრო რუმს თბილისი, The Grove Design Hotel თბილისში…და სხვა რამდენიმე თითზე ჩამისათვლელი, უგემოვნოები კი საკმაოდ ბევრია.
ნინო ზარიზე