პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იბერიაზე“, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა, როდესაც გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს აფასებდა.
„ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლტიკური და სამართლებრივი მხარე. პოლიტიკურად სააკაშვილის ექსტრადირება არ არის აქტუალური ჩვენთვის. ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, სააკაშვილი ჯერ კიდევ იყო რისკ-ფაქტორი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი აღარ არიან რისკ-ფაქტორები ქართული დემოკრატიისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში არის მცირე ფრაქციით და გამორიცხულია მათი მობრუნება ხელისუფლებაში.
ადამიანის უფლებების კუთხით გვაქვს წინსვლა,თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ ნაწილს სახალხო დამცველთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს პირი,რომელიც გამოირჩევა პიროვნული და პროფესიული უნარებთ, ის ყველაფერს გააკეთებს,რომ გამოირიცხოს მსგავსი პრეცედენტები. სადაც იკვეთება ადამიანის უფლებების დარღვევა, რა თქმა უნდა იქნება პასუხისმგებლობა.
ჩვენი მიზანია ნარკოტიკების პრევენცია და რეპრესიული პოლიტიკის შეცვლა. თუმცა მეორე მხარეა როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. არგუმენტების მოსმენაა საჭირო ორივე მხრიდან. ბოლომდე ღრმა არგუმენტები ჯერჯერობით არ მომისმენია და საკუთარ სუბიექტურ პოზიციას ვერ ვაყალიბებ“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანანა ღოღობერიძე