სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
„დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა ეს ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 27 დეკემბერს, დაკავებულებმა მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 1 000 აშშ დოლარი მიიღეს. 2017 წლის 28 დეკემბერს, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცეს დასკვნა, სადაც მიუთითეს, რომ ეს ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი და გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.”- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.