ღვთისმსახურებაში გამორჩეული ადგილი მედავითნეს, ანუ წიგნის მკითხველს ენიჭება. ის სასულიერო იერარქიაში არ მოიხსენიება, თუმცა ეკლესიისა და ღვთის წინაშე მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.
წმინდა წერილის კითხვის ისტორია მრავალსაუკუნოვანია. წიგნის მკითხველის მნიშვნელობასა და როლზე მითითებულია ძველსა და ახალ აღთქმაში. ლუკას სახარებაში არის მითითებული, თუ როგორ კითხულობს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი შაბათ დღეს წმინდა წერილს.
„და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად.
და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო:
„უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად.“(ლუკას სახარება, თავი მე–4).
მედავითნე ის ადამიანია, რომელსაც ეკლესიაში წმინდა წიგნის კითხვა ევალება. მას ამისთვის საგანგებო ლოცვა–კურთხევა აქვს მიცემული. მის როლსა და ფუნქციაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ მედავითნემ უნდა შეეძლოს ისე კითხვა, რომ მივიდეს ადამიანების გულამდე, რათა აავსოს ისინი სიყვარულით, სიკეთითა და ღვთისმოსაობით.
1890 წელს წმინდა ილია მართალი გაზეთ „ივერიაში“ წერდა რომ კარგად კითხვის უნარის ქონა ნამდვილი ხელოვნებაა, ხოლო კარგად წაკითხვა სულ სხვაგვარ სასოებას მატებს წასაკითხსო.
„ჩვენთა წინაპართა კარგად ესმოდათ, რა დიდი ზედმოქმედება აქვს კარგად წაკითხულს სამღვთო წერილს ეკლესიაში, საცა დიდება და სახელი ღვთისა შეჰკრებს ხოლმე ღვთის მოსავს ხალხსა საერთო ლოცვისა და ვედრებისათვის.“
ქაშუეთის სამრევლო სკოლის მედავითნეობის პედაგოგი გიორგი მეტრეველი „ამბიონთან“ საუბრისას ამბობს, რომ მედავითნის როლი დღესდღეობით მხოლოდ წმინდა წერილის კითხვით აღარ შემოიფარგლება და მისი დანიშნულება ეკლესიაში თანდათან გაიზარდა.
„მედავითნეს როლი დღეს უკვე გაიზარდა და მარტო ფსალმუნებისა და წმინდა წერილის კითხვით არ შემოიფარგლება. წიგნისმკითხველი არა მარტო უნდა აცნობიერებდეს იმ პასუხისმგებლობას რომელიც მას აკისრია, არამედ უნდა იყოს ყოველმხრივ გამორჩეული, იცოდეს წმინდა წერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს მსმენელამდე მიიტანოს ის საღმრთო სიბრძნე, რაც ლიტურგიკულ წიგნებში იკითხება და რასაც ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულება ეწოდება. თუ ამას გაიაზრებს მედავითნე, დარწმუნებული ვარ მას მსახურებაც არასდროს მობეზრდება.“,–ამბობს გიორგი მეტრეველი.
მაცხოვრის ამაღლების ტაძრის ხელმძღვანელი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ეკლესიაში მედავითნეს როლზე საუბრისას აღნიშნავს:
„უპირველესად, მას ევალება, რომ ტიპიკონის კარგად იცოდეს. ის საკურთხევლის მსახურად მიიჩნევა და მრევლისგან განსხვავებით უფლება აქვს, რომ საკურთხეველში შევიდეს. მედავითნეს ვალია, არა მხოლოდ მსახურებდეს მოწიწებით, არამედ ცხოვრობდეს დიდი პასუხისმგებლობით, ვინაიდან ის სამაგალითოა მთელი მრევლისა და საზოგადოებისთვის. მისი ცხოვრების წესი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ეკლესიურ ცხოვრებასთან.“
შეიძლება ითქვას, რომ წიგნის მკითხველს ეკლესიაში ერთგვარი მისიონერული მოვალეობაც აქვს, მან ლოცვის ძალა უნდა მიიტანოს ადამიანებამდე, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორია თავად მედავითნეს სულიერი განწყობა, რადგან ლოცვის კითხვის დროს მისი შინაგანი განწყობა თავად მრევლზეც შეიძლება აისახოს.
ნანუკა მაღლაკელიძე