„პროკურატურის პოზიცია სასამართლოს გამამტყუნებელმა განაჩენმა გაამყარა, რომელმაც სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სააკაშვილის წინააღმდეგ“ , – მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალის შესახებ პრეზიდენტსა და პროკურატურას შორის არსებულ პოლემიკაზე საპროკურორო საბჭოს წევრმა ნათია სონღულაშვილმა „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„პროკურატურას ბრალი შეწყალების აქტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე არ წარუდგენია. საქმე ისაა,რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულმა პირებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მათ პრეზიდენტი შეიწყალებდა, ეს იყო არა ჰუმანური აქტი, არამედ კონკრეტული პირების ქმედების, მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულის დაფარვა. ამ დაპირების გაცემამ გამოიწვია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების საკმარისობის შემოწმების უფლება აქვს მხოლოდ ერთ ინსტიტუციას, სასამართლოს.ნებისმიერი განცხადება,რომელიც იქნება პროკურატურის საქმიანობაში ჩარევის ფორმის, მიიღებს ადეკვატურ და სამართლებრივ პასუხს. თუმცა, პრეზიდენტის საპასუხოდ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ ვერც ერთ ეთერში“ , – განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე