„ალბათ ხელშეწყობა ძალმომრეობის და გაუმაძღრობის მხარეს არის. დიდი იმედი მქონდა,რომ ეს ყველაფერი გამოსწორდებოდა და დაპირებები ძალაში შევიდოდა“ , – ატენის ქუჩაზე მიმდინარე სადავო მშენებლობის გამო მცხოვრებლების პროტესტზე მსახიობმა თათული დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. ატენის ქუჩაზე 25-სართულიანი, 85-მეტრიანი კორპუსის მშენებლობა გრძელდება.
„ჩვენ მშენებლობის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვართ, 11 სართული უნდა აშენებულიყო და ხმა არ ამოგვიღია, თუმცა ადამიანს ეტყობა თანდათან მოთხოვნილებები ეზრდება. ეს თანხები საბოლოოდ იქ მცხოვრები ადამიანების გადასახდელი ხდება, ჩემი ქონება ეწირება ამ ყველაფერს. საერთოდ რას ჰგავს ქალაქი და არ ვიცი სადამდე მივალთ. ჩვენ სასამართლოები მოვიგეთ, ეს 19 სართულიც არაერთი დარღვევით აშენდა.
არასდროს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის მხარდამჭერი, მოგვცენ საშუალება ვიცხოვროთ ნორმალურად, ვემსახუროთ ჩვენს საქმეს და ათას სისულელეზე სასამართლოებში არ გვარბენინონ. დიდი სურვილი გვქონდა,რომ მერს შევხვედროდით და გამოსავალი გვეპოვა ისე,რომ დაზარალებული არავინ გამოსულიყო. რით ვერ დავიმსახურეთ მერთან შეხვედრა არ ვიცი. ჩვენ უკვე მოვითხოვთ,რომ გავარკვიოთ ეს ადამიანი ბოლომდე თუ არასწორ ინფორმაციას აწვდიან“ , – განაცხადა თათული დოლიძემ.
მანანა ღოღობერიძე