ახალი ქართული ბრენდი „TATIA Tsenguashvili Designer“ რომელიც უკვე 3 წელია არსებობს, მომხმარებლებს ორიგინალურ წინდებს სთავაზობს. როგორც ”თბილისი თაიმსთან” საუბრისას მისმა დამფუძნებელმა თათია წენგუაშვილი აღნიშნა, წინდების შექმნის იდეა სრულიად სპონტანურად გაუჩნდა.
„თავდაპირველად, სრულიად დაუგეგმავად გავაკეთე წინდა, ბალერინის გამოსახულებით. საკმაოდ კარგი გამოვიდა და მას შემდეგ მუდმივად ვცდილობ განსხვავებული დიზაინის წინდები შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს. წინდებს უმაღლესი ხარისხის ბამბის ქსოვილით ვამზადებ, სუბლიმაციული ბეჭვდით, ვაფორმებ წულითა და თვლებით. ვქმნი თემატურად სხვადასხვა სტილის წინდებს (საახალწლო, ვალენტინობის, ზოდიაქოს ნიშნების და ა.შ), მაქვს მაღალყელიანი წინდები, როგორც დიდის, ასევე ჩვილის.“
თათიას თქმით, ფერადი წინდები ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის ერთნაირად მისაღებია. აღსანიშნავია ისიც, რომ დაინტერესება საქართველოს გარდა, საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც მოდის.
„მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მოსწონთ, როგორც წინდის დიზაინი, ასევე ხარისხი. ფეისბუკის გვერდის საშუალებით ხშირად მიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან.“
როგორც თათია აღნიშნავს, წინდის თითოეული დეტალი ხელით იქმნება.
„ხელით გადამაქვს ნაბეჭდი სურათი და შემდეგ ბისერებით იქარგება. ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომასა, დროსა და ენერგიას მოითხოვს.“
რაც შეეხება წინდების ღირებულებას, ფასები იწყება 12 ლარიდან და მაქსიმალური ღირებულება 30 ლარია.
„სამომავლოდ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავხსნა საკუთარი ბუტიკები. სადაც თავმოყრილი იქნება ჩემი პროდუქცია. გარდა ამისა, სამომავლოდ ვგეგმავ ვაწარმოო ორიგინალური ტყავის ჩანთები, რომელსაც მალე შევთავაზებ ჩემს მომხმარებლებს.“
მარიამ ლეკიაშვილი