სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქალბატონი მაია გოიკოვიჩი და მისი თანმხლები პირები.
უწმინდესმა ბრძანა, რომ სერბეთსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ და ასეთ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია – დახმარება და თანადგომა ერთმანეთისადმი.
„ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. ამას მოჰყვა ეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები, რომელიც იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა.“,-აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.
საპატრიარქოს ცნობით, მაია გოიკოვიჩმა ილია მეორეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ქვეყნების უფრო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი და იმედი გამოთქვა. სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მადლიერებით აღნიშნა, რომ საქართველო არ უჭერს მხარს კოსოვოსა და მეტოქიის აღიარებას და სერბეთიც, თავისმხრივ, ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრის ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სერბეთის რესპუბლიკის დელეგაცია და სერბ ხალხს წარმატება უსურვა.
ნანუკა მაღლაკელიძე