„თუ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება ვართ, ადამიანების დიდი ჯგუფი სასტიკად არ უნდა დავსაჯოთ იმისათვის,რომ ნარკოტიკებს მოიხმარენ. ამაზე პოლიტიკოსებიც თანხმდებიან, მაგრამ რეალური ცვლილებები არ გვაქვს“ , – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით სუბელიანმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ისაუბრა.
„ხელისუფლება უნდა ამაყობდეს საზოგადოებით,რომელიც შეპყრობილია დიდი ვირუსით და უსამართლობას არ ეგუება. როცა ხელისუფლებას აწყობს ვართ საამაყო სამოქალაქო საზოგადოება და ახლა ვართ ხალხი,რომლებიც „ბარიგების მოძრაობას“ იწყებენ. სამარცხვინო პიარ კამპანიას აწყობენ. ამ კანონპროექტის უკან დგას 40 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ რეპუტაცია აქვთ საერთაშორისო დონეზე.
რეგიონში უმკაცრესი ნარკოპოლიტიკაა და გვერდით უდგას რუსეთის ფედერაციას, სეიშელის კუნძულებს. საბჭოთა ნარკოპოლიტიკის მემკვიდრეები ვართ. სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობას ტაშით შევხვდით, ამ დროს საოცრად გამკაცრდა ნარკოპოლიტიკა, მოხდა ათასობით ადამიანის დაპატიმრება. შემდეგ ეს ადამიანები შეიწყალა „ოცნებამ“. ცივილიზებულ სამყაროს რომ შევადაროთ ყველაზე მაღალი სასჯელი გვაქვს. ერთადერთი ქვეყანა ვრჩებით,სადაც უშუალოდ მოხმარების გამო ადამიანი შესაძლოა ციხეში მოხვდეს და დამნაშავის იარლიყი მიაწებონ.
რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ,რომ ორგანიზმში აღმოჩენილი კვალის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გემუქრება. ეს არის სახელმწიფ, რომელიც მიზანმიმართულად ეძებს, ხარჯავს ფულს,რომ გამოავლინოს ნარკომომხმარებელი და მისი რეპრესირება მოახდინოს. ჩვენ ვითხოვთ,რომ ადეკვატური მოხმარებისთვის არავინ დაისაჯოს. იყოს სისხლისსამართლებრივი სასჯელი, მაგრამ არა 8-დან 20 წლამდე“ , – განაცხადა დავით სუბელიანმა.
მანანა როღობერიძე