თორნიკე დოლიშვილი საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია და უკვე საკუთარ კომპანიას – „თოკო სერვისს“ ფლობს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
„ვინაიდან ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ვსწავლობ, მარტივად გამოჩნდა სურვილი, საკუთარი მცირე ბიზნესი დამეწყო და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განმეხორციელებინა. ჩემი ოჯახი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში. მინდოდა, აქვე წამომეწყო ბიზნესი, რომლითაც ჩემი ოჯახის წევრებსაც დავასაქმებდი. დედა პროფესიით ბუღალეტია, მამა კი ავტო-ტექ მომსახურების სპეციალისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით.
საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად არ გაგვაჩნდა მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, ამიტომ ვეძებდი დაფინანსების შესაძლებლობებს. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის 2017 წლის ბენეფიციარიც გავხდი. აღნიშნული პროგრამა ეხმარება მოქალაქეებს მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებაში. პირველ ეტაპზე სააპლიკაციო ფორმის საშუალებით მხოლოდ ბიზნეს იდეა გავაგზავნე. შემდგომ ბიზნეს გეგმის დაწერა გახდა საჭირო. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბიზნეს გეგმის წერის გამოცდილება მქონდა, რომელიც საბაუნის პროფესორ-მასწავლებლების საშუალებით მივიღე, რისთვის ძალიან მადლიერი ვარ მათი. ჩვენი ლექტორები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მაქსიმალურად გადმოგცენ ცოდნა და გამოცდილება, რათა თეორიის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა გვქონდეს. კონკურსის მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ „აწარმოე საქართველოში“-ს იღბლიანი ბენეფიციარი გავხდი და ჩემმა ბიზნეს იდეამ 15 000 ლარის დაფინანსება მიიღო.
ჩემი ბიზნესი – „თოკო სერვისი“ მოიცავს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას. გრანტის მიღების შემდგომ შევიძინე დანადგარები, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის სრულყოფილი პროდუქტი შეგვეთავაზებინა. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ავტომობილების რეცხვას, დაზიანებული საბურავების შეკეთებას, ბალანსირებას, ავტომობილის ძრავასა და გადაცემათა კოლოფში თხევადი მასის შეცვლის მომსახურებას. ეს ყველაფერი კი ხდება თანამედროვე, უახლესი ტექნიკის საშუალებით.
კომპანიაში დასაქმებულნი არიან ჩემი ოჯახის წევრები: დედა, რომელიც ბუღალტრულ აღიცხვას აწარმოებს და მამა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ავტომობილების ტექ-მომსახურების კუთხით. რათქმაუნდა, ვაპირებთ საქმიანობის გაფართოებას, რაც ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე, მათ კომფორტსა და მრავალფეროვან სერვისზე.
აღნიშნული საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა; მაგრამ დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია. ნურასოდეს იფიქრებთ, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ ან არ გამოგივათ. სწორედაც რომ თქვენ შეძლებთ. არ გადადოთ ზეგისთვის თქვენი ოცნების ასრულება, რადგან შეიძლება ხვალ დაგასწრონ. ყველას გისურვებთ წარმატებებს!”