ქართულ ბაზარზე ახალი, ვაშლის ჩიფსები გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ, დიეტურ და სასარგებლო პროდუქციას სთავაზობს. „ენკენი“ ბაზარზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა და სულ მოკლე დროში საკმაოდ წარმატებულ და მოთხოვნად პროდუქციად იქცა. „თბილისი თაიმსთან“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ შეითნიშვილმა ისაუბრა „ენკენის“ შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
თავდაპირველად იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანეს, სადაც პირველი ადგილი მოიპოვეს და 5 ათასი ლარი მოიგეს.
„ქართული ვაშლის ჩიფსები გაყიდვაში 2017 წლის დეკემბერში ჩაეშვა. „ენკენის“ შეძენა ამ ეტაპზე სუპერმარკეტების ქსელებში, კინოთეატრებსა და ფიტნეს კლუბშია შესაძლებელი. ვაშლის ჩიფსების საწარმო გორის რაიონის სოფელ დიცში 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ვაშლის შეძენა ადგილობრივი ფერმიდან ხდება.“
თამარ შეითნიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ენკენი“ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ წარმოება სწრაფად გააფართოვა.
„კონკურენციას რაც შეეხება, ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ ვაშლის ჩიფსებს,ამიტომ კონკურენტები ამ მხრივ არ გვყავს. რაც შეეხება მოთხოვნას, საკმაოდ დიდი ინტერესით შეხვდა მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას.“
როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი განმარტავს, „ენკენი“ ძირითადად ბავშვებსა და იმ სეგმენტზეა გათვლილი, ვისთვისაც სწორი და ჯანსაღი კვება პრიორიტეტულია.
„პროდუქცია უსაფრთხო და სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან დიდი რაოდენობით ვიტამინს შეიცავს და თავისუფალია ყოველგვარი დანამატებისგან.“
ფასებს რაც შეეხება „ენკენის“ საბაზრო ღირებულება 3.50ლარია. სამომავლოდ კომპანია ვაშლის სხვადასხვა სახეობის დამატებას გეგმავს.
„უახლოეს მომავალში ვაპირებთ თავად ვაშლის სახეობები გავხადოთ მრავალფეროვანი. თუ ამ ეტაპზე ჩიფსების დამზადება ხდება წითელი ვაშლით, სამომავლოდ ვგეგმავთ დავამატოთ მწვანე და მოყვითალო ვაშლის სახეობები. რაც შეეხება ექსპორტზე გატანას, მას შემდეგ რაც საქართველოს ბაზარზე აქტიურად დავიმკვიდრებთ თავს, „ენკენი“ აუცილებლად გავა საზღვარგარეთის ქვეყნებშიც.“
მარიამ ლეკიაშვილი