ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები სულ უფრო მეტად მოთხოვნადი და პოპულარული ხდება ქართველი მომხმარებლისთვის. ერთი მხრივ, მათ დაიწყეს განსხვავებულის, გამორჩეულის მიღება და დაფასება, ხოლო, მეორე მხრივ, ამას თანამედროვე ქართული ბაზარი კარნახობს, რომელიც საკუთარ მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის ნივთებს სთავაზობს.
რამდენიმე წლის წინ, ქართულ ბაზარს ორიგინალური, ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „ARTისტერია“ გამოჩნდა. ორმა ფილოლოგმა გოგონამ ია გელაშვილმა და თამუნა ჭონქაძემ, გადაწყვიტეს საკუთარი გატაცება,საზოგადოებისთვისაც ეჩვენებინათ. როგორც თავად ამბობენ, ხელოვნებასთან კავშირი ყოველთვის ჰქონდათ, თუმცა ნივთების შექმნა და დამზადება სპონტანურად დაიწყეს.
„არტ ისტერია დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა, როგორც ბრენდი. თუმცა სანამ ფართო საზოგადოებისთის გახდებოდა ცნობილი, მუდმივად ვქმნიდით ნამუშვრებს, ვცდილობდით დახვეწას და განვითარებას. ჩვენ თავად გვაინტერესებდა ხელნაკეთი ნივთები, მოგვწონდა მათი შექმნისა და დამზადების პროცესი. ამას ისიც დაემატა, რომ საზოგადოებაში ამ კუთხით დაინტერესება დიდი იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი საქმიანობისთვის უფრო სერიოზული სახე მიგვეცა და წამოგვეწყო ბიზნეს საქმიანობა, რომელიც ჩვენს ინტერესთანაც იქნებოდა დაკავშირებული. ასე გაჩნდა „ARTისტერია“.
როგორც ია გელაშვილი აღნიშნავს, თავდაპირველად ძირითადად ფეისბუკის გვერდის საშუალებით ხდებოდა ნამუშევრების ჩვენება და გაყიდვა. მას შემდეგ რაც მოთხოვნა გაიზარდა,დაახლოებით ერთი წლის წინ მაღაზია გახსნეს , სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ ადგილზე ნახონ ნამუშევრები.
„თამამად შემიძლია თქმა, რომ ჩვენი ნამუშევრები საოცრად გვავსებენ. ეს არის ის რის გარეშეც უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი. მუდმივად ვფიქრობთ ახალსა და საინტერესოზე. როდესაც ახალ ნივთს ვქმნი, მოუთმენლად ველოდები მის დასრულებას, რომ ვნახო, თუ როგორი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დროსა და ენერგიას მოითხოვს, თითქოს არ ვიღლებით შექმნის პროცესით.“
ია გელაშვილის თქმით, იმ შრომასთან შედარებით, რასაც ისინი თითოეულ ნამუშევარში დებენ, ფასები საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომია ყველა სეგმენტისთვის.
„ფასები იწყება 8-10 ლარიდან . ვცდილობთ, “ARTისტერია“ ყველასთვის ხელმისაწდომი იყოს, ყველას შეეძლოს საყვარელი ნივთის შეძენა და მისი ტარება.“
სამომავლოდ „ARTისტერია“ სხვადსხვა ქალაქში გეგმავს მაღაზიის გახსნას.
„მომავალში ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი, ახალი და განსხვავებული ნივთი შევთავაზო ჩვენს მომხმარებლებს. სამომავლოდ ვაპირებთ მაღაზიის განვითარებას, რათა მომხმარებელს ჰქონდეს მეტი არჩევანის საშუალება. ასევე, ვგეგმავთ რამდენიმე სტენდის გახსნას რეგიონებში.“
მარიამ ლეკიაშვილი