ანი სირაძის კარიერა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. სამი წლის ასაკში ოფიციალურად შედგა მისი დებიუტი. ეს კი სამოყვარულო დონე აღარ იყო. იგი ეთერ ჭელიძის შთამომავალია და ამის გამო ან პროფესიონალურ საფეხურზე უნდა დამდგარიყო, სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლებოდა… ჰო და, ანი სირაძე გახდა მაღალი კლასის პროფესიონალი, ნიჭის, შრომის და გენეტიკის წყალობით… მისი პირველი წარმატება იყო იტალიის ფესტივალი, შემდეგ ოთხი წლის ასაკში ავსტრიაში აიღო გრან-პრი, რასაც მოჰყვა შემდეგი აღიარება და წარმატებები…
ანი, ხშირად ამბობენ, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში და ესტრადაში არაფერი არ ხდება…
– კი, ასეა, მაგრამ საკმარისი არ კეთდება, რომ მყარად იდგეს ქართული შოუ-ბიზნესი. ეს ყველაფერი რომ განვითარდეს საჭიროა ფინანსები, მეტი კონცერტები, სწორი მენეჯმენტი. ამ ბოლო დროს, შეიძლება ორი თვე ისე გავიდეს კონცერტი არ ჩატარდეს. ძალიან ბევრი მომღერალი უკვე გადასულია კორპორატიულ საღამოებზე, რომ მღერიან და დიდ სცენას აკლდებიან. ამავე დროს პრობლემაა თანამედროვე აპარატურა, რომელის უქონლობის გამო ხშირად ისევ მომღერალი ილანძღება _ მოდიან და ტყუილად აღებს პირსო… სათანადო ტექნიკა რომ იყოს, გამოავლენს მომღერალი თავის ნიჭს. ასე რომ, ძალიან ბევრი პრობლემაა ამ სფეროში, რომლებსაც თუ ჩავუღრმავდებით თქვენი ჟურნალის ათი გვერდი არ ეყოფა…
არანაკლები პრობლემაა არაპროფესიონალი მომღერლები, რომლებიც ვიღაცის ან რაღაც გარემოების გამო მოხვდნენ სცენაზე და რადიოებში, ტელევიზიებში და ა.შ..
– ჩემთვისაც პრობლემაა ეს ერთის მხრივ. მეორეს მხრივ არაფერი ისეთი, მას თავისი გზა აქვს და დიდხანს ვერ გაუძლებს ხალხის მოთხოვნებს. ასეთი კატეგორია დროებითია და ძალიან ხანმოკლე. ამ ბოლო დროს ინტერნეტ-ვიდეოები შემოვიდა მოდაში და ამ ფორმით მსგავსი ადამიანების გაპოპულარება. თუმცა მსგავსი შემთხვევები ითვალისწინებს მართლა ნიჭიერი ადამიანების გამოჩენასაც, რომლებიც ისევ წარმატებულად აგრძელებენ შემოქმედებით ცხოვრებას.
ეთერ ჭელიძის შვილიშვილობა რას ნიშნავს?
– ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს ეთერ ჭელიძის შვილიშვილია და ამას რა უნდა გაუჭირდეს… ამ დროს მსმენელი, პროფესიონალი შემსრულებელი, ყველა მეტი კრიტიკით მიყურებს და მეტს მოითხოვენ ჩემგან. მოკლედ, მეტი ვალდებულება მაწევს მხრებზე, რომ უფრო მაღალი ხარისხის შევქმნა, ვიდრე მანამდე შევქმენი ან შექმნილა. სხვა მომღერალს, რომელსაც უკან ამ სფეროში დიდი წარსულის ადამიანი არ უდგას, მას ბევრ არ მოსთხოვენ.
ეთერ ჭელიძის სიმღერის გამოტანის გამო კრიტიკა გქონია?
– არა. ჯერ არ მქონია. ალბათ მოსწონთ ჩემს მიერ შესრულებული მისი სიმღერა.
საქართველოში თითქმის არ არსებობს პროფესიონალი კრიტიკოსები და თუ ვინმე არის, არ წერენ. ეს ხელს არ უშლის ხელოვნების განვითარებას?
– წერენ, როგორ არ წერენ, ხშირად აკრიტიკებენ ცუდს და ბადალი ხარისხის მქონეს. მე უამრავი კრიტიკა შემხვედრია. ხშირად კრიტიკა ლანძღვაში გადასდით და ამას ვერ ვიგებ, ეს მიუღებელია. კრიტიკა და ლანძღვა აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. მათ შორის არსებობს ინტერნეტ-კრიტიკაც, სადაც გაქვს საშუალება და უფლება მოიწონო ან არ მოიეონო და არა ის, რომ წყევლა და საშინელი ლანძღვა-გინება დაატეხო ადამიანს თავს.
შენ როგორ რეაგირებ დაუმსახურებელ ლანძღვაზე და თუნდაც კრიტიკაზე?
– დავიწყოთ იქიდან, თუ გადაწყვეტ გახდე ცნობილი და წარმატებული სახე, ადამიანი, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ დაუმსახურებლადაც მოგხვდება… მე ეს გააზრებული მქონდა, სამი წლიდან სცენაზე ვდგავარ და… თუმცა იყო დრო, როდესაც ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ გადავიტანე, მაგრამ ახლა უკვე სულ ერთია ჩემთვის. პატარა მაგალითს გეტყვით: “ვანოს შოუში” ვიყავი, ეს არის კომედიური ჟანრის გადაცემა. გავიცინე შოუს მსვლელობის დროს და მეორე დღეს კომენტარი მხვდება შემდეგი სიტყვებით: ამ გოგოს სიამოვნებით მოვაჭრიდი ენას, რომ სხვა დროს ვეღარ გაიცინოს… ნორმალურია ეს და ამის გამო შეიძლება ნორმალური ადამიანი გაღიზიანდეს?!
და ეს რა კატეგორიის ხალხია?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ჯანმრთელი რომ არ არის, ეს ნამდვილად ვიცი.
სოლო კარიერას აგრძელებ. არ გიფიქრია ჯგუფთან ერთად გაგეგრძელებინა მოღვაწეობა მეტი წარმატებისთვის?
– არა, არ მინდა, ჯერ ვაგრძელებ და თავს ვართმევ სოლო კარიერას. ვინც ჩემთვის შეუცვლელები არიან და მუდმივად მწვერვალებზე დგანან, ყველა სოლისტები არიან, ვიტნი გიუსტონი, ქრისტინა აგილერა. მათზე როგორც ვოკალისტებზე ისე ვსაუბრობ, მეორე საკითხია უკვე მათი შოუები, რომლებიც არანაკლებ მაღალ დონეზე აქვთ აყვანილი. ჩემი გადმოსახედიდან ვიტნი ჰიუსტონზე ძლიერი ვიკალისტი არ არსებობს და არც განმეორდება მსგავსი.
ანი, როგორ დაგამახსოვრდა 3 დეკემბრის პოდიუმი?
– ძალიან სასიამოვნო გრძნობა დამრჩა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. თორნიკე, მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგად, მოხდენილად, თავისუფლად გამიყვანე პოდიუმზე, ეს ჩემგან შენ პირველი და დამსახურებული კომპლიმენტი. თუმცა, სიმართლე გითხრა ცოტას ვნერვიულობდი, მინდოდა კარგად წარმომეჩინა შინაარსი და გარემოს მოვრგებოდი. სხვათაშორის, ოთხი წლის ვიყავი, როდესაც “მეტეხი შერატონ პალასში” ჩატარდა სილამაზის კონკურსი, სადაც გავიმარჯვე, გავხდი “მის ფერია”. 16 წლის ასაკში ლიკა ყაზბეგის საქორწინო კაბების ჩვენებაზე გამოვიტანე მისი ნამუშევრები. მოკლედ, პატარა პრაქტიკა მქონდა, მაგრამ ეს დღე ძალიან განსხვავებული, ამაღლებული და სხვა ემოციებით დატვირთული იყო. 3 დეკემბერს იყო უკვე მესამე პოდიუმი, სამ რიცხვში – მესამე პოდიუმი, საინტერესო დამთხვევაა… აუცილებლად უნდა ვთქვა ეს და გთხოვთ არ ამოჭრათ: ნუგზარ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენს “განსაკუთრებულ ჟურნალს” ამ კარგი საქმისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებული ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვნად შემოყვანას, მათ დასაქმებას, რესოციალიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი მრავალმხრივი განვითარებისთვის.
აქამდე თუ გქონია ე.წ. შშმ პირებთან ანუ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან შეხება-ურთიერთობა?
– კი, როგორ არა. მინდა სიამოვებით აღვნიშნო, რომ ვისაც კი დაურეკავს და უთხოვია ჩემთვის მსგავს ღონისძიებებზე მონაწილეობა ან საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობა, უარი არასოდეს არ მითქვამს. მსგავსს ვერავინ გაიხსენებს, რომ მე ვინმესთვის უარი მეთქვას. რაც მე სცენაზე ვდგავარ, საქველმოქმედო კონცერტი უფრო მეტი მქონდა ვიდრე ჩვეულებრივი.
და რატომ გადაწყვიტე ასე მოღვაწეობა?
– ჩემი პროფესია და შინაგანი რწენა მავალდებულებს, რომ თუკი რაიმეთი შემიძლია ვინმეს დავეხმარო, ვალდებული ვარ გავაკეთო სიკეთე!
სამწუხაროდ, ხშირად ხდება ქველმოქმედება ბიზნესი. თუ შეგიმჩნევია მსგავსი?
– აქამდე ჯერ არა, დანამდვილებით ვიცი, რომ მე სადაც ვყოფილვარ, ყველგან ნამდვილად ქველმოქმედება ყოფილა და მადლობა მათ ამ სიკეთისთვის! თუმცა გამიგია, რომ არის რიგი გამონაკლისები, ყველა პირნათელი არაა და ეს უკვე მათი პრობლემაა.
რა არის შენი პიკი კარიერაში?
– ჩემი არაერთი სიმღერა მინდა გაჰიტდეს ჭეშმარიტი ხელოვნების ხარისხში და არა კომერციის გამო.
ოპერაში თუ გიცდია თავი?
– დიახ, ოპერაში ცენტრალური სოპრანო ვარ. კლასიკურზეც ვსწავლობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ კლასიკა არაა ჩემი სტილი და გადავედი ჯაზის ფაკულტეტზე.
საინტერესოა. ჯაზს შევეხოთ. ჯაზი ხომ ელიტარულია და საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია, რამ გამოიწვია ეს?
– ასეა. ჯაზი არ არის პოპულარული ჩვენთან. ასე შევხედოთ საკითხს: მომღერლები, რომლებიც რაიმე პოპს ან სხვა სტილს ვწერთ, ის მაშივნე არ ჰიტდება თუ მასში ცადებული არ არის რაიმე ინტრიგა ან… ჯაზი სხვა მიმდინარეობაა და ალბათ ამიტომაც უჭირს ჩვენთან უფრო მეტად.
როკიც ხომ გვაქვს საქართველოში, ძალიან ადრეუული, ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან. თუმცა მაინც ვერ შედგნენ იმ რაოდენობით როკერები და როკმენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუსიკალური მიმდინარეობა ენერგიულია და ქართველებს მოგვწონს მსგავსი…
– საქართველოში ასე არაა ყურადღება გამახვილებული. დიდი ინტერესი ვერ გამოიჩინა ჩვენმა ქვეყანამ.
რაც შეეხება სოულს….
– სოულს მაინც ბევრი ჰყავს მსმენელი. დავუბრუნდეთ უიტნი ჰიუსტონს და მერაიან ქერის. ისინი აქ მოდაში არიან და ჩვენშიც მეტი შემოქმედება იქმნება.
უცხოური მუსიკის გადმოქართულება და ქართული სიტყვებით შესრულება რამდენად მოგწონს?
არა. არ მომწონს! მე არასოდეს შემიქმნია.
რატომ ხდება ასე, კომპოზიტორები აღარ გვყავს, ტექსტები გათავდა თუ რა მოხდა?
– არ ვიცი. ალბათ იყო ბუმი და იმ პერიოდმა ჩაიარა.
ქართულ ფოლკლორს დიდი ადგილი უკავია…
– ასეა. ძალიან დიდი ადგილი უკავია არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც დიდი აღიარება აქვს. მე არ მივყვები ქართულ ფოლკლორს, მაგრამ ერთხელ გიორგი უშიკიშვილთან ერთად შევასრულე რაჭული დუეტი “ჯეოსტარზე” და კვლავ გავხდი სმს ლიდერი. ეს იყო ძალიან წარმატებული ნომერი და გიორგისთან ერთად მუშაობა. მისგან საქები სიტყვები მოვისმინე ჩემ მიმართ, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
როგორია ანი სირაზე სინამდვილეში?
– რასაც ვამბობ, როგორც გამოვიყურები, ზუსტად ისეთი ვარ. არასოდეს არ ვთამაშობ. ყოველთვის გულწრფელი ვარ ინტერვიუებშიც და ცხოვრებაში, ისეთი ვარ როგორიც ვჩანვარ ეკრანზე.
არ გეშინია სინამდვილის და უნიღბობის?
– არა. ტყუილის და ცრუ ინფორმაციის უფრო მეშინია. ალბათ დამღუპველიცაა მსგავსი დამოკიდებულება, მაგრამ ასე მირჩევნია.
შეყვარებული ანი როგორია?
– ბევრჯერ არ მყვარებია. ამიტომ არ ვიცი როგორი ვარ… დიდად არ დავფრინავ ოცნებებში, ჩვეულებრივი ვარ. მხოლოდ სიმღერის დროს მემჩნევა როცა შეყვარებული ვარ.
სასურველი კარიერის მოსაწყობად თუ წახვალ უცხო ქვეყანაში?
– არა, მიუხედავადა ამისა, რომ მქონდა შემოთავაზება ძალიან ლამაზ და პრესტიჟულ კუნძულზე, მაგრამ უარი ვთქვი. კარიერის გამო არ მიღირს ოჯახის დატოვება.
მეგობრებს როგორ ირჩევ?
– ძალიან ცუდად. შვიდი წლის და ოცი წლის მანძილზე რომ ადამიანთან ვმეგობრობ და ის მიღალატებს… ე.ი. ვერ ვარჩევ ანუ ძალიან ცუდად ვარჩევ, ადვილად ვენდობი ადამიანებს. ნიღაბი ვერ მოვირგე, გულწრფელობა მირჩევნია ისევ!
ოჯახს რომ შექმნი პროფესიას და კარიერას როგორ გააგრძელებ?
– ოჯახი ოჯახია, კარიერას თავისი ადგილი აქავს. მეუღლეს ანუ მეორე ნახევარს რატომაც ეძახიან, მაშინ ზუსტად ისე უნდა შემეწყოს, როგორც ჩემი თავი.
ჰობი თუ გაქვს?
– კი, ფოტოებს ვიღებ. ყველაფერს ვიღებ – ჩემ თავს, ბუნებას, სხვა ადამიანებს.
პ.ს. ეს ინტერვიუ 3 დეკემბრის, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების – “განსაკუთრებული ჟურნალი და – შეზღუდული არაფერიას” შემდეგ ჩავწერეთ, რამაც კიდევ ერთხელ მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ ერთიანი ვყოფილიყავით და დაგვემსხვრია სტიგმა – შშმპ…
ავტორები:
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, თორნიკე ტურაბელიძე