განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, მერსი ტემბონს შეხვდა.
როგორც ”თბილისი თაიმსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ახალი პარტნიორობის ჩარჩო დოკუმენტში განათლების სფეროში შესატან ისეთ საკვანძო მიმართულებაზე, როგორიცაა უმაღლესი განათლების დაფინანსების თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული მოდელის შემუშავება.
მერსი ტემბონმა დადებითად შეაფასა მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი „ევრიკა“, რომელიც სასკოლო პროცესში უმაღლესი რანგის პროფესორებისა და მეცნიერების ჩართულობას ითვალისწინებს და ამ ინიციატივის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.