საქართველო მრავალი პრობლემის წინაშე დგას, ამ პრობლემათაგან განსაკუთრებით საგანგაშო ქვეყნის დემოგრაფიული ვითარებაა. კონკრეტულად რომელი ტერიტორიები ხასიათდება ყველაზე მცირე დემოგრაფიული მაჩვენებლით, რა ბედი ელის ჩვენი ქვეყნის კუთხეებს, აღნიშნულ საკითხებზე “თბილისი თაიმსს” დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა..
,,21-ე საუკუნეში ვითარება თანდათან გამწვავდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად საქართველო ტერიტორიული მაჩვენებლით მსოფლიოს ქვეყნების 100-ეულშიც კი ვერ მოხვდა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოში 136-ე ადგილი გვიკავია.
საქართველოს ძლიერების ხანაში ქართველები მსოფლიო მოსახლეობის 1.5%-ს წარმოვადგენდით. მსოფლიოში ყოველ 10 000 კაციდან 150 ქართველი იყო და რა მდგომარეობაა დღეს?- ქართველები მსოფლიო მოსახლეობის 0.05%-სღა შევადგენთ. მსოფლიო მოსახლეობის ყოველ 10 000 მოსახლეში ქართველი სულ 5 შეიძლება აღმოჩნდეს. უკანასკნელ 25 წელიწადში საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებელი უკან-უკან მიდის. ოფიციალური დემოგრაფიული მონაცემების არსებული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში, გარდა საქართველოს დიდი ქალაქებისა (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი), ჩვენი ქვეყნის რეგიონები საშუალოდ 41 წელიწადში გაუკაცრიელდება.
საქართველოს კუთხეების მიხედვით, ამგვარი მონაცემები გვაქვს:
აჭარა გაუკაცრიელდება-32 წელიწადში,
გურია-49წ.
იმერეთი-39წ.
კახეთი-47წ.
მცხეთა-მთიანეთი-40წ.
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი-22წ.
სამცხე-ჯავახეთი-44წ.
ქვემო ქართლი-47წ.
შიდა ქართლი-67წ.
მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ, 2002 წლიდან 2014 წლამდე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 8991-დან 4326-ამდე შემცირდა. ასეთივე კატასტროფული მდგომარეობაა ამბროლაურში, ონსა და ცაგერშიც.
ეკონომიკური პრობლემები, შობადობის მაჩვენებლის კლება(ქართულ მოსახლეობაში მასობრივად ვრცელდება მცირეშვილიანობა. სულ უფრო მცირდება იმ დედების რაოდენობა, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ), მიგრაციები, ეკოლოგიური მდგომარეობა-ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავრობამ, რაც შეიძლება მალე, აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს“.