კითხვა ადამიანის ერთგვარი თავშესაქცევია. როდესაც წიგნს კითხულობ, თითქოს სხვა სამყაროში ინაცვლებ, ყოველგვარ ამქვეყნიურს ეთიშები და პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობ, ფანტაზიას იღვივებ და ყოველ მოქმედ გმირს შენეულად წარმოიდგენ. შეიძლება დრო გავიდეს, წიგნისა თუ პატარა ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსი ზედმიწევნით აღარ გახსოვდეს, მაგრამ ოდესღაც წაკითხული ქვეცნობიერში მაინც ილექება და ადამიანს იმ საუნჯეს აძლევს, რასაც განათლება ჰქვია.
უწინდელისგან განსხვავებით, დღეს, საქართველოში წიგნის შეძენა ძალიან გამარტივებულია. ლიტერატურის მოყვარულთათვის ქვეყნის მასშტაბით მრავალი წიგნის მაღაზია არსებობს. „თბილისი თაიმსი“ წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ დაუკავშირდა. როგორ გამოიყურება ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეული, რა ჟანრს ანიჭებენ მკითხველები უპირატესობას, ამ და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციას, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბოლო პერიოდში, ,,ბიბლუსი“-ს მაღაზიათა ქსელში ყველაზე დიდი რაოდენობით რომელი წიგნი გაიყიდა? როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს?
– კომპანიამ არსებობის 9 წლის მანძილზე შეძლო შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს და აკმაყოფილებს და მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით სარგებლობს. ,,ბიბლუსი“ ყოველი თვის დასაწყისში წინა თვის ყველაზე მეტად გაყიდვადი წიგნების ჩამონათვალს აქვეყნებს.
იანვრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეული ასე გამოიყურება:
ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა
1. თათული ღვინიანიძის “აღიარება ხელისგულზე“
2. ელიფ შაფაქის “სიყვარულის 40 წესი“
3. ერიხ მარია რემარკის “ნასესხები სიცოცხლე“
4. ელიფ შაფაქის “ევას სამი ქალიშვილი“
5. ელიფ შაფაქის “ღირსება“
6. დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა“
7. რ. ჯ. პალაციოს “საოცრება“
8. ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას“
9. ჯოან როულინგის “ფილოსოფიური ქვა“
10. ჯოან როულინგის “ჰარი პოტერი და
დაწყევლილი ბავშვი“
ტოპ 10 საბავშვო წიგნი
1. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი
2. ჯეფ კინის “წრიპა ბიჭის დღიური – მწარე სიმართლე“
3. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის
4. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
5. ჯეფ კინის “წრიპა ბიჭის დღიური – მკვდარი სეზონი“
6. ჯეფ კინის “წრიპა ბიჭის დღიური – როდრიკი უბერავს“
7. ჯეფ კინის “წრიპა ბიჭის დღიური“
8. საბავშვო ენციკლოპედია
9. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
10. ჩემი პირველი ბიბლია
ყველაზე მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი ჟანრები რომლებია?
– ვცდილობთ ,,ბიბლუსში“ წარმოდგენილი ლიტერატურა ყველა ჟანრს მოიცავდეს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ, ბოლო პერიოდში, მოთხოვნა ბიზნეს ლიტერატურაზეც გაიზარდა.
ძირითადად, თქვენს ქსელს რა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები სტუმრობენ?
– წიგნი ყველა ასაკის ადამიანისათვის განსაკუთრებულად საინტერესოა, ამიტომ ჩვენს ქსელში ყველა ასაკის მომხმარებელს შეხვდებით, თუმცა უფრო ხშირად 18-დან 45 წლამდე ასაკის მომხმარებლები გვსტუმრობენ.
ქვეყნის მასშტაბით ,,ბიბლუსს“ სულ რამდენი ფილიალი აქვს და მკითხველებისთვის რაიმე სიახლის შეთავაზებას ხომ არ გეგმავთ?
– წიგნის მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი“ მთელი საქართველოს მაშტაბით 57 ფილიალითაა წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წიგნი საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის იყოს ხელმისაწვდომი. სულ რამდენიმე დღეა განახლდა ,,ბიბლუსის“ ვებგვერდი www.biblusi.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი წიგნი და ჩვენი კურიერები მას სასურველ ადგილას მიიტანენ. ,,ბიბლუსი“ წიგნის მკითხველებს მომავალშიც საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს.
ნინო ზარიძე