სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობს. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი,ხელმძღვანელობს.
მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები იმ გამოწვევების გათვალისწინებით მომზადდა, რაც “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ იმპლემენტაციის პროცესში გამოვლინდა.
“მათი მიზანია, კიდევ უფრო მოქნილი გახადოს საკანონმდებლო ბაზა და უკეთ შეუსაბამოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს,”- განაცხადა წულუკიანმა.
კანონპროექტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარების მიღებას, ბრალდებულის გარდა, მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს. საუბარია იმაზე, რომ იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მატერიალური და სისხლის სამართლის კოდექსის საპროცესო ნორმები; იმ შემთხვევაში კი, თუ არასრულწლოვანი მართლმსაჯულების პროცესის დაწყების შემდეგ, მაგრამ მის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა.
კანონპროექტის თანახმად, თუკი არასრულწლოვანმა ნასამართლობის გაქარწყლების შემდეგ ჩაიდინა დანაშაული, სასჯელის განსაზღვრისას თავიდან იქნება აცილებული გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის გამოყენების საფრთხე; არასრულწლოვან მოწმეს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაშიც − დღემდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ გადახდისუუნარობისას მოქმედებდა; ზუსტდება არასრულწლოვნის უფლება, რომ მის მიმართ საპროცესო მოქმედება მხოლოდ არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პირებმა განახორციელონ იმ საქმეზეც, სადაც იგი მოწმედ მონაწილეობს სრულწლოვანი პირის პროცესში.
კოდექსის ყველა მუხლში, რომელშიც ფსიქოლოგის ჩართულობაა გათვალისწინებულია, კონკრეტდება პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის წესი და მისი ფუნქციები; ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები − ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაშიც, როცა პროკურორის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი არ ექვემდებარება განრიდებას.
კანონპროექტით იცვლება, აგრეთვე, ცალკეული პროცესუალური საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზედმეტი გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად.