ტაქსის მძღოლი, რომელიც მგზავრს სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე გადაიყვანს, 200 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებათა პაკეტში წერია, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
“საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.
12 თებერვალს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ კი განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ. მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
ნინი მაზიაშვილი