კომუნიკაციების ეროვნული კომისია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, ოპერატორი კომპანიების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გამტარებელ ინსტიტუტად გადაიქცა”, – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის მისამართით კომპანია “მაგთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ნათია კახიძემ გააკეთა.
კახიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პორტირების პროცესის დანერგვისას მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი მიმართულება არ არის, სადაც კომისიის არაფექტური და დანაშაულებრივი ოპერირების ნიშნები იკვეთება.
კახიძის თქმით, პორტირების პროცესში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, კომისიის საქმიანობა, სატენდერო პირობები იყო “მედია პროს ჯორჯიას” ინტერესების დაცვით ნაკარნახევი, რაც ოპერატორი კომპანიების ხარჯზე გაკეთდა.
როგორც კახიძემ განმარტა, ჯერ კიდევ 2010 წელს, კომისიამ შეიმუშავა პორტაბელურობის დებულება, რომლის მიხედვითაც, კომისიამ თავად მიინიჭა უფლებამოსილება, რომ გარკვეული ქმედებები განესაზღვრა და აღესრულებინა.
“კერძოდ, კომისიამ ოპერატორებისგან დამოუკიდებლად შეიმუშავა პორტირების ანგარიშსწორების მოდელი და მთლიანი ხარჯი ოპერატორ კომპანიებს დააკისრა. ეს გააკეთა მაშინ, როცა ამის უფლებამოსილება ფართო ჭრილში კომისიას არ გააჩნდა. მოგვიანებით, 2011 წლის აპრილში, მან საკუთარი ქმედებები საკანონმდებლო ჩარჩოში ჩასვა. ამის შემდგომ კომისიამ ისევ და ისევ დამოუკიდებლად, ოპერატორი კომპანიების ჩარევის გარეშე, თამაშის წესები შეადგინა და სატენდერო პირობების ტექნიკური მხარე განსაზღვრა. სატენდერო კომისია 11 წევრისგან დააკომპლექტა, საიდანაც მხოლოდ ხუთი წევრი წარმოადგენდა ოპერატირების მხარეს, ხუთი წევრი წარმოდგენული იყო თავად კომისიისგან და ერთი ე.წ. ექსპერტი იყო, რომელსაც თავად კომისია ირჩევდა და იწვევდა. შესაბამისად, გადამწყვეტი ხმა ჰქონდა არა ოპერატორებს, რომლებსაც ეს სერვისი უნდა მიეღოთ და ვალდებული იყვნენ გადაეხადათ საფასური, არამედ კომისიას, რომელიც არაფერს არ იხდიდა”, – განაცხადა ნათია კახიძემ.
მისივე თქმით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავად შეიმუშავა ანგარისწორების მოდელი და პორტაბელობის საფასური სააბონენტო ნომრების რესურსზე გახადა დამოკიდებული. კერძოდ, კახიძის განმარტებით, აქ ისეთი რესურსი შედის, რომელსაც მომხმარებელი არ ჰყოლია და პორტაბელობის პროცესში საერთოდ მონაწილეობა მიღებული არ აქვს.
მან ყურადღება “მაგთიფიქსთან” მიმართებაში გაამახვილა და აღნიშნა, რომ ფიქსირებულ ქსელში პორტირების ერთეული შემთხვევები არსებობს და მიუხედავად ამისა, დღეს “მაგთიკომი” გადასახადს მილიონობით სანომრე რესურსზე იხდის.
“კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებების დამაგვირგვინებელი შედეგია ის, რომ ტენდერზე იმ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა, რომელმაც ფინანსურად გაცილებით უფრო მომგებიანი და ეფექტური გეგმა წარადგინა და რომლის პროგრამული უზრუნველყოფა “მედია პრო ჯორჯიას” პროგრამულ უზრუნველყოფას არ ჩამოვარდებოდა. ამის შედეგია ის, რომ დღეს პორტირებისთვის “მაგთიკომი” თვეში 250 ათასს ლარამდე იხდის და თუ დისკვალიფიცირებული კომპანიის ტარიფებზე გადავაანგარიშებთ, არა მხოლოდ “მაგთიკომის”, არამედ ბაზარზე არსებული ყველა ოპერატორი კომპანიის პორტირების საფასური, ჯამურად, 250 ათასს ლარს არ მიაღწევდა” – განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, პორტირებისთვის დაწესებული გადასახადი დამოუკიდებული უნდა იყოს მხოლოდ პორტირებულ ნომრებზე და არა – ვირტუალურ ნომრებზე, რომელსაც მომსახურება არ გასწევია.
24.09.13