Urban Mood – ცემენტისგან შექმნილი სახლის დეკორატიული ხელნაკეთი ნივთები. ორიგინალური დეკორატიული ნივთები, რომლებიც სხვადასხვა სახის ნივთსა თუ მოგონებას აცოცხლებს, ნივთები, რომლებიც ხელოვნების სიყვარულითა და შთაგონებით იქნება. Urban Mood სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მისი დამფუძნებელი ფოტოგრაფი გურამ მურადოვაა.
„ერთხელაც, სულ შემთხვევით, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოს გადავაწყდი, სადაც ახალგაზრდა ბიჭი ცემენტისგან ამზადებდა სკამს. ძალიან მომეწონა საბოლოო შედეგი, განსაკუთრებით კი ცემენტის ახალმა სახემ მიიზიდა ჩემი ყურადღება. მეც მეცადა და ცემენტისგან გამეკეთებინა რაიმე. გავაკეთე ჰექსაგონის ფორმის სანათი, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში საკუთარ პროფილზე გავაზიარე და ბევრი მოწონება დააგროვა ფოტომაც და თვითონ ნაკეთობამ. აქ გაჩნდა იდეა, გამეკეთებინა დეკორატიული ნივთების მაღაზია და გაჩნდა Urban Mood.“
Urban Mood ქართული ბაზრისათვის სიახლეა, რასაც მომხმარებელი დიდი ინტერესითა და მოწონებით შეხვდა. Urban Mood მათ სხვადასხვა სახის ნამუშევრებს სთავაზობს, საყვავილე ქოთნებს, ლარნაკებს, მაცივრის მაგნიტებს.
“Urban Mood-ის – „ურბანული განწყობა“ კონცეფცია მარტივია, რასაც სლოგანი პირდაპირ ამბობს “Live with what you love“ – „იცხოვრე იმასთან, რაც გიყვარს“ – შევქმნათ პატარა და მნიშვნელოვანი ნივთები, რომლებიც ერთი „წკაპით“ გაანათებენ ოთახს და გახდიან მას უფრო მყუდროს. ლოგოში გამოყენებულია ხაზები, რომლებიც ქმნიან გეომეტრიულ ფიგურებს. თუ დააკვირდებით, Urban Mood-ის პროდუქციას, ის გამოირჩევა სუფთა ხაზებით, რომლებიც ყველა მხრიდან სხვადასხვანაირად ჩანს. ლოგოც ამ პრინციპითაა შექმნილი, თუ შევატრიალებთ მას, სულ სხვა ფიგურას დავინახავთ.”
რაც შეეხება ფასებს, როგორც ბრენდის დამფუძნებელი განმარტავს, ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, იმ შრომასთან შედარებით, რაც ხელნაკეთი ნივთის შექმნასთანაა დაკავშირებული.
“სამომავლოდ, ვაპირებ, პატარა ე.წ. შოუ-რუმის გახსნას, სადაც Urban Mood-ის მომხმარებელი თავად შეძლებს მოსვლას, სასურველი ნივთის შეძენასა თუ უბრალოდ, დათვალიერებას. შოუ-რუმიც აუცილებლად ისეთივე არაორდინალური უნდა იყოს, როგორც თავად ჩვენი დეკორატიული ნივთები.”
მარიამ ლეკიაშვილი