ბედნიერება სუბიექტური და აღქმადი გრძნობაა. რამდენი ადამიანიცაა, იმდენად შეიძლება მისი გააზრება. რომ იკითხოთ, ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ბედნიერება სურს, მაგრამ რა არის მათთვის ბედნიერება? – ამ კითხვაზე პასუხი, სრულყოფილად, შეიძლება ბევრმა მათგანმა ვერ ჩამოაყალიბოს. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს. როგორია ფსიქოლოგის ხედვა ბედნიერებასთან მიმართებაში, გზა, რომელსაც ბედნიერებამდე მივყავართ… ამ საკითხებზე, „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი – ირინა ტაბუციძე ესაუბრა.
ირინა ტაბუციძე: „ბედნიერება შეიძლება იყოს ხანმოკლე და რამდენიმე წამიანი. მაგ: როგორიცაა გამარჯვების შეგრძნება. დროში გახანგრძლივებული-კარიერა, პირადი ცხოვრება.
უნდა ითქვას, რომ ბედნიერება, გარკვეულწილად, გენეტიკურია. ის თუ რამდენად ბედნიერია ადამიანი, სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდბეული: 50% -გენეტიკა, 10%-გარემო, რომელიც დახვდა (მაგ: სანათესაო) და 40%-ჩვენ მიერ გაცნობიერებულ, გააზრებულ, ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული, იმაზე- თუ როგორ ვცხოვრობთ.
პოზიტივისტური ფსიქოლოგიის მიმდევრების აზრით, ბედნიერება თანდაყოლილია, თუკი ადამიანს მასში ხელს არაფერი უშლის. თუ გენეტიკა წესრიგშია, დიდი ალბათობით, ადამიანი ბედნიერია. იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, სხვადასხვა ფაქტორებია საჭირო.
- პირადი ცხოვრება (თუკი ადამიანს კარგი პარტნიორი ჰყავს და მასთან თავს კომფორტულად გრძნობს, იგი თავს ბედნიერად თვლის),
- კარიერა (რეალიზებული ადამიანები თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობენ),
- რწმენა ( მორწმუნე ადამიანისთვის სხვა ყოველივე მეორე ხარისხოვანია, მთავარია უფალთან სიახლოვე იგრძნოს და თავს ბედნიერად გრძნობს).
ამ ჩამონათვლის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება. მოკლედ რომ ვთქვათ, გააჩნია ადამიანს რა აბედნიერებს. ზოგი პიროვნებისთვის ბედნიერება მხოლოდ პირად ცხოვრებაზეა დამოკიდებული, ზოგისთვის კარიერული წინსვლაა მთავარი, არიან ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ერთი არ აკმაყოფილებს და ბედნიერებისთვის პირადი ცხოვრებაც და კარიერაც საჭიროა. ასე რომ, ბედნიერება კეთილდღეობაა.
თუმცაღა, ადამიანს შესაძლოა ყველა პირობა ჰქონდს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგრამ მაინც ვერ იყოს კარგად. ასეთ შემთხვევებში, ძირითადად, ჯანმრთელობის პრობლემასთან გვაქვს საქმე.
არის კიდევ ერთი ფაქტორი, არიან ადამიანები, რომელთაც რაღაც პრობლემა აქვთ, მაგრამ ამ პრობლემის აღმოფვრას საერთოდ არ ცდილობენ. ამას მეორადი სარგებელი შეიძლება ვუწოდოთ. მაგ: როდესაც ქალს წონის პრობლემა აქვს და არ იკლებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თავისი ჭარბი წონით საპირისპირო სქესთან წარუმატებლობას ამართლებდეს.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლიენტს უთქვამს: „არ მინდა ნეგატიური ფიქრები მქონდეს“, ამის პასუხი კი ის არის, რომ რაც უფრო მეტად იფიქრებ ამაზე (რომ არ გინდა ნეგატიური ფიქრები გქონდეს), მით ვერ დააღწევ თავს. მინდა ვთქვა, რომ ბედნიერებას დიდი ძიება არ სჭირდება, მთავარია მივხვდეთ კონკრეტული პრობლემისგან რაიმე სარგებელს ხომ არ ვიღებთ და მათ აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ“ .
ნინო ზარიძე