17-19 ივლისს საქართველოში გასამართი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტისთვის სპეციალური ვებ-გვერდი – http://ogpsummit.org სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.
ვებ-გვერდის საშუალებით უკვე შესაძლებელია მონაწილეთა რეგისტრაცია და თემატური სესიებისთვის იდეების წარდგენა.
სამიტის დღის წესრიგი ღია მმართველობის პროცესში ჩართული საზოგადოების მონაწილეობით ჩამოყალიბდება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სერვისების მიწოდება; საზოგადოების ჩართულობა და ღია მიმართულება (Open Track) – ეს ის საკითხებია რომელზეც მსურველებმა სესიების/პანელების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინონ. წინადადებების წარდგენისდა მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.
ვებ-გვერდი იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქმა“ „OGP“-ს საერთაშორისო სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა და ის ეტაპობრივად განახლდება. ვებ-გვერდზე განთავსდება სამიტისთვის თაობაზე ყველა საჭირო ინფორმაცია, დღის წესრიგი და სხვა.
როგორც ცნობილია, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გასული წლის სექტემბერში გახდა. საქართველომ პლატფორმის თავმჯდომარეობა საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორობას 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) ხელმძღვანელობს. საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი.
საერთაშორისო დონეზე „OGP“-ის ფორმატში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. ღია მმართველობის პარტნიორობა 75 ქვეყანას აერთიანებს.