საქართველოს საპატრიარქო პატრიარქთან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ნიკა გვარამიას ინიციატივით შედგა და არა პატრიარქის თხოვნით.
„ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და „შაბათის კურიერის“ „პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.
ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ.გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.
კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.
P.S. თუ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.