სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელს შემაკავებელი ორდერის გაცემის ვალდებულება ექნება. ამასთან, შემაკავებელ ორდერში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითებაც სავალებულო იქნება.
შესაბამისი ცვლილებები “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
,,საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უკეთ დაცვის მიზნით, საჭიროა პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ნინო ზარიძე