ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წილკანში თავის სახლში გადაასვენეს. მანამდე ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს სამხარაულის ექსპერტების გარდა, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.