არჩილ ტატუნაშვილს დღეს, 14:00 საათზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.
20 მარტს, ღამით კი, „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. ოფიციალური თბილისი რუსულ აგრესიას გმობს.