სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე – 73,1 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 2016 წელს – 21, 2 ათასი დოლარის, 2017 წელს კი მხოლოდ 15, 8 ათასი აშშ დოლარის, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება 2018 წელს, იანვარში ექსპორტზე 0,1 ათასი დოლარის ღირებულების ნატურალური თაფლი გავიდა.
თაფლის ექსპორტის მკვეთრი შემცირების ფონზე, თურქეთში, სადაც თაფლზე მოთხოვნა დიდია, ქართველებისთვის საექსპორტო კვოტები გაიზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი
ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოების ფარგლებში იქნა მიღებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, კვოტების გაზრდის შედეგად, თურქეთში ქართული თაფლის ექსპორტი 20%-ით გაიზრდება.
როგორც თაფლის მწარმოებლები აცხადებენ, ქართულ თაფლზე კვოტის გაზრდა კარგია, თუმცა კვოტას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თაფლის გატანას გართულებული საბაჟო პროცედურების გამო მაინც ვერ ახერხებენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პარტნიორ ქვეყანასთან სწორედ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს.
გიორგი კეპაშვილის განცხადებით, მაღალი გადასახადის გარდა, თურქეთში ქართული თაფლის შეტანას ისიც ართულებს, რომ თურქული მხარე თაფლის მაღალ ხარისხს ითხოვს, საქართველოში კი კვალიფიციური ლაბორატორია არ გვაქვს.
„პირველი ხელშეკრულების გაფორმების და კვოტების დაწესებიდან დღემდე არცერთი გრამი თაფლი არ გასულა. ჩვენ ვნახეთ პარტნიორი თურქეთში, რომელმაც გამოხატა სურვილი თაფლის ყიდვის. თუმცა მან თურქეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან თანხმობა ვერ მიიღო. ამდენად, საქართველოდან თურქეთში თაფლი მხოლოდ არალეგალურად გადის. ჩემთვის, როგორც მწარმოებლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კვოტა რამდენი იქნება. ბოლო 10 წელია ვხედავ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ საკითხს ვერ აგვარებს. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის მეშვეობით ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა მთავრობამდე, მაგრამ შედეგი არ დადგა, საქართველოდან თაფლი არ გასულა. სასაცილოა, კვოტის გაზრდა მაშინ, როდესაც ისიც არ აგვითვისებია, რაც აქამდე იყო დაწესებული.კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ისეთი ლაბორატორია, რომელიც თაფლს კვალიფიციურად გამოიკვლევს, არ არსებობს. ამის შესახებ იცის თურქეთმა და ამიტომაც ართულებს საქართველოდან თაფლის გატანის პროცედურებს,” – განმარტავს გიორგი კეპაშვილი.
თაფლის ექსპორტი დაშვებულია ევროკავშირშიც. თუმცა სტატისტიკური მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა ამ შესაძლებლობას ვერ იყენებს და თაფლის ექსპორტი მაქსიმალურად მცირდება.
მარიამ ლეკიაშვილი