29 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის მცირე დარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების N2`) გაიმართება პროექტის „კინო ჟესტებით“ პრეზენტაცია, რაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისათვის ფილმების ჟესტურ ენაზე ადაპტირებას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების“ მიერ შერჩეული და ჟესტების ენით ადაპტირებული ორი საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „აპოლო ჯავახეთი“ (რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი) და „8 წუთი“ (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი).
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის, ეროვნული კინოცენტრის და კინოსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ყრუთა კავშირის წევრები და სპეციალიზირებული სკოლების მოსწავლეები. ფილმების ჩვენების ბოლოს გაიმართება დისკუსია, რაც შესაძლებლობას მისცემს პროექტის ავტორებს სამომავლოდ გაითვალისწინონ დამსწრე ბენეფიციარების მოსაზრებები.
პროექტის „კინო ჟესტებით“ იდეის ავტორი და ორგანიზატორია „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანება“, მხარდამჭერები – ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კინოაკადემია და adjaranet.com, ხოლო პროექტის კონსულტანტია საქართველოს ყრუთა კავშირი.
პროექტის მიზანია:
- სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების მეტად ინტეგრირება საზოგადოებაში;
- კინოხელოვნების ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის;
- ჟესტური ენის პროპაგანდა და საზოგადოებაში ჟესტური ენისადმი ინტერესის გაღვივება.
პროექტის „კინო ჟესტებით“ განხორციელების შემდეგ, საქართველოში მცხოვრები 5 000-ზე მეტი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანი შეძლებს უყუროს სპეციალურად მათთვის შერჩეულ და ადაპტირებულ მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ფილმებს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენებების შემდგომ დისკუსიებში. შედეგად სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების ინტერესი კინოხელოვნების მიმართ გაიზრდება.
კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.