სოფიო ნიორაძე, 36 წლის, ფილოლოგია, თუმცა, როგორც თავად ამბობს საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია. ბავშვობიდან უცხო და უცნაური ნივთების მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა. თავადაც მუდამ ცდილობდა რაიმე შეექმნა და ხელოვნებასთან კავშირი მუდმივად ჰქონოდა. „თბილისი თაიმსთან“ სოფიო თოჯინების შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.
საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ თოჯინები?
– თოჯინებით ბოლო ორი წელია აქტიურად დავინტერესდი. ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა შემექნა განსხვავებული, ლამაზი პაწაწინები. ვსწავლობდი საკუთარ შეცდომებზე,ასე თოჯინის შექმნის პროცესი გაცილებით საინტერესო გამოვიდა.
რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ხელოვნებას და როგორია შექმნის პროცესი?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მოდელი მყავს შექმნილი, ჯერჯერობით ძიების პროცესში ვარ. ვქმნი, როგორც თოჯინა–ბროშებს, ასევე დიდი ზომის თოჯინებს,ბაჭიებს,დათუნიებს. ამ ყველაფრისგან დიდი სიამოვნებას ვიღებ, მომწონს თავად შექმნის პროცესი და ის შედეგი, რომელსაც კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებლებიდან ვხედავ .“
როგორია კონკურენცია და რამდენად მოთხოვნადია თოჯინები ბაზარზე?
– მომხმარებელმა დადებითად მიიღოო. მწერენ პირად გვერდზეც და საიტზეც. უზომოდ მახარებს კომპლიმენტები, მაგრამ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მინდა კიდევ უფრო მეტად ლამაზი და დახვეწილი ნამუშევრები შევქმნა. მომხმარებლის ინტერესი ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის.
რითია თქვენი თოჯინები გამორჩეული?
– ჩემს ყველა თოჯინას აქვს საკუთარი ხასიათი, სასაცილოები არიან და დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ. (თვითკრიტიკული ვარ და ვცდილობ უცხო თვალით შევხედო).
ძირითადად რა მასალას იყენებთ თოჯინების შესაქმნელად?
– თოჯინებისთვის ნატურალურ ქსოვილებს ვიყენებ, ძირითადად ტილოს და თექას და რაც მთავარია, ყოველთვის ვკერავ დიდი შემართებით და პოზიტიური განწყობით.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა სიახლეებს სთავაზობთ საახალწლოდ მომხმარებლებს?
– ჩემს სამომავლო გეგმებში შედის პირველ რიგში მივაგნო საკუთარ, საავტორო სტილს და გავაგრძელო მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით განვითარება. მინდა თამამად შევთავაზო ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებელს.
მარიამ ლეკიაშვილი