სხვადასხვა პროდუქციის გასაყიდად თბილისში კონკრეტული ადგილების გამოყოფა იგეგმება. პროდუქციის ჩამონათვალში შევა ყვავილები, გზეთები, წიგნები და „ფრეშ წვენის“ ჩამოსასხმელი აპარატები.
კიდევ რა პროდუქტების გაყიდვა/წარმოებაზეა საუბარი? კონკრეტულად რომელი ადგილებია ამისთვის გამოყოფილი და რა რეგულაციები დაწესდება? – ამ კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ ქალაქ თბილისის მერიას მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ პროექტზე მუშაობა დაწყებულია და ლოკაციების გამოყოფის შემდეგ გაკეთდება კონკრეტული ჩამონათვალი თუ რა პროდუქტების გაყიდვა/წარმოება იქნება შესაძლებელი კონკრეტულ ადგილებში.
„ქალაქ თბილისის მერია მუშაობს დედაქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის მოწესრიგებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ უნებართო გარევაჭრობა აკრძალულია დედაქალაქის ტერიტორიაზე, ვფიქრობთ, რომ გამოიყოს კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება გაიყიდოს ყვავილები, გაზეთები, წიგნები და სხვადასხვა სახის პროდუქცია.
აღნიშნული პროექტი დამუშავების პროცესშია, რომელზეც ქალაქ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახური, ქონების მართვის სააგენტო და თბილისის რაიონული გამგეობები ერთობლივად მუშაობენ და მოგვიანებით გახდება ცნობილი თუ რა სახის რეგულაციები შევა ძალაში. წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, უნებართო გარევაჭრობისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 20 ლარი, გაიზრდება 100 ლარამდე. ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, რომელიც განსახილველად გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტში, იგეგმება საჯარიმო სანქციების გაზრდა.
ამ დროისთვის არსებული კანონმდებლობით, უნებართო გარევაჭრობისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 20 ლარი, გაიზრდება 100 ლარამდე, ხოლო განმეორებით კანონდარღვევის შემთხვევაში, 100 ლარის ნაცვლად ჯარიმის ოდენობა გაიზრდება 300 ლარამდე. გარდა ამისა, თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარევაჭრობის განხორციელება სატრანსპორტო და მასზე მისაბმელი საშუალებით,ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების გამოყენება, 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.“ – განაცხადეს თბილისის მერიაში.
ნინი მაზიაშვილი