გენდერული თანასწორობის საქმიანობის მიმოხილვით დაიწყო გენდერული საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელსაც საბჭოს ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა. მან შეხვედრის მონაწილეებს, საბჭოს აქტივობებზე, მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემები გააცნო და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.
„იანვარში ჩავატარეთ გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელზეც განხილული იყო 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე გავმართეთ საკმაოდ მასშტაბური კვლევის პრეზენტაცია, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს სხვადასხვა სფეროში ქალთა უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ამ კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა კონცეფციის პროექტი, რომლის განხილვაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასევე გვქონდა კონკრეტული ღონისძიებები ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობების საკრებულოებში გენდერული საბჭოების საქმიანობების კოორდინაციის მიზნით და მუნიციპალიტეტებიდან გამოვითხოვეთ ინფორმაციები იქ არსებული მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ სხვადსხვა აქტივობებზეც ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება 8 მარტს პარლამენტში გამართულ გამოფენაზე, 11-14 მარტს გაეროში ქალთა სტატუსის განსაზღვრის სამიტზე ქართული დელეგაციის მონაწილეობაზე და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე გაამახვილა.
გენდერული თანასწორობის სხდომაზე სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის უფროსს, ლონდა თოლორაიას მოუსმინეს, რომელმაც ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების გამოწვევებზე ისაუბრა. სამინისტროს წარმომადგენელის გამოსვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განცხადება გააკეთა.
„ქვეყანაში ქალთა მკვლელობების მძიმე შემთხვევები გვაქვს. პირველ რიგში, ვიდრე სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე გადავიდოდეთ, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავითვალისწინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსმენა, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მოხდა უმძიმესი ფაქტი, რაც ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებას უკავშირდება, შესაბამისად, გადავწყვიტეთ სამინისტროს ახალი სპეციალური დეპარტამენტის წარმომადგენელს მოუსმინოთ თუ რას აკეთებს ძალოვანი სისტემა და სამართალდამცავი ორგანოები ძალადობის და ფემიციდის წინააღმდეგ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ თავისი გამოსვლა სტატისტიკური მონაცემების გაცნობით დაიწყო და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, სამინისტროში მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის მომართვიანობის ზრდის ტენდენცია, ერთის მხრივ, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას და მეორეს მხრივ, მომხდარ ფაქტებზე მკაცრმა რეაგირებამ განაპირობა. „მიუხედავად იმისა, რომ მომართვიანობის მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი, პრობლემის მოსაგვარებლად მთელი რიგი გამოწვევებია დარჩენილი. ერთ-ერთ პრობლემას დაგვიანებული მომართვა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ძალადობა წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომართვიანობის შემთხვევაშიც კი, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი შემდეგ ცვლის თავის პოზიციას და პირველად ჩვენებაზე ამბობს უარს და სურს განცხადების უკან გატანა. იყო შემთხვევებიც, როდესაც საქმე სასამართლომდე მისულა, მაგრამ ბოლო მომენტში დაზარალებულს ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე დუმილის უფლებით უსარგებლია და პროკურატურა მტკიცებულებების გარეშე დარჩენილა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ. სამინისტროს წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებასთან, სხვადასხვა გამოწვევების შესახებაც ისაუბრა და ამ კუთხით ცალკე გამოყო: კონკრეტულ ვითარებაში რისკების სწორად შეფასება; დამცავი ორდენების მონიტორინგის სისტემა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი სპეციალიზაცია. გამოსვლის შემდეგ სხდომის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, მათთვის საინტერესო კითხვებზე, დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.
შსს-ს წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტის ძირითადი ამოცანები და საქმიანობის მიმართულებები გენდერული საბჭოს კოორდინატორმა, ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვისას, სრულად იქნა გაზიარებული საბჭოს წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტის დამტკიცებისას დამატებითი მოსაზრებები არ გამოთქმულა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს გაფართოებული შეხვედრა საქართველოს ბიუჯეტის გენდერული ანალიზის წარდგენით და სექსუალური შევიწროებასთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობით გაგრძელდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი შინაარსის და შედეგების უკეთ გაცნობა-ანალიზის მიზნით, შეხვედრები და კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება.