ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ სატელეფონო საუბრების განხორციელება ბიომეტრული მონაცემების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა მხეიძეა.
კანონპროექტის მიხედვით, მითითებული ბიომეტრული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები, ასევე, სატელეფონო ზარის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
„პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ პლასტიკური ბარათების გამოყენება, მიუხედავად მასზე მინიჭებული უნიკალური კოდისა, ვერ უზრუნველყოფს, იმას, რომ ერთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ არ მოხდეს მეორე ბრალდებულის/მსჯავრდებულის პლასტიკური ბარათის გამოყენება, ვინაიდან შესაძლებელია ბარათის მონაცემების დამახსოვრება და შემდგომში მათი გამოყენება. მსჯავრდებულთა სატელეფონო ანგარიშებიდან ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა, რომლის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის განმავლობაში მსჯავრდებულების საბანკო ანგარიშებზე მიბმული სატელეფონო ანგარიშებიდან პლასტიკურ ბარათზე დატანილი ციფრების კომბინაციის გამოყენებით დაწესებულებაში მოთავსებული სხვა მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას.“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ბიომეტრული მონაცემი არის ნებისმიერი ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება. ამ შემთხვევაში, საუბარი თითის ანაბეჭდებზეა. ცვლილებების მიხედვით, სატელეფონო საუბრები პლასტიკური ბარათის ნაცვლად, თითის ანაბეჭდების მეშვეობით განხორციელდება.
ნინი მაზიაშვილი