თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები, ხოლო წესის დარღვევისთვის ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა. თამბაქოს მოწევა იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე. დახურულ სივრცეში თამბაქოსთან ერთად, ჩილიმისა და ელექტროსიგარეტის მოწევაც იზღუდება.
კანონის მთავარი აღმასრულებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონდარღვევებისა და ჯარიმების გამოწერა სწორედ მათ დაევალათ.
ძალოვანი უწყების თანამშრომლები პერიოდულად შეამოწმებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ადმინისტრაცია პირველად 500-ი, განმეორების შემთხვევაში კი – 1000 ლარით დაჯარიმდება
მოწევა იკრძალება მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და უმაღლესი სასწავლებლების ეზოებში. ასევე სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და სკვერებში, ატრაქციონების კუთხიდან 50 მეტრის დაშორებით.
ზოგიერთ ადგილზე თამბაქოს მოწევა ნებადართულია. ასეთი ობიექტებია: ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზებული ლაბორატორიული დანადგარი, პენიტენციური დაწესებულება, ნებართვის საფუძველზე მოწყობილი სიგარაბარები, სამორინე, აეროპორტის სატრანზიტო ზონა და წინასწარი დაკავების იზოლატორი.
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება.
ამასთან, სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან.
დღეს თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლის დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც ტარდება დევიზით – „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“.