თინა ოსაძე, პროფესიით კულტურის მენეჯერია. თუმცა, ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია. დაახლოებით ორი წლის წინ გადაწყვიტა საკუთარი თავი ხელოვნებაში ეპოვნა და გამოუვიდა კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში ნივთების შექმნით იყო დაკავებლი, ბრენდი ექვსი თვის წინ შექმნა. „ავთინი“ თანამედროვე XXI საუკუნის ვეფხისტყაოსნის გმირების ამბავია. როგორც თინა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გადაწყვიტა ბრენდისთვის საკუთარი (თინათინი) და შეყვარებულის (ავთანდილი) სახელების ინიციალები გაეერთიანებია და შეექმნა სიყვარულისა და სილამაზის კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდი.
მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ გაჩნდა „ავთინის“ შექმნის იდეა?
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის დროს პირველად მქონდა საშუალება გავცნობოდი ტექნოლოგიებს, ხშირად ვუყურებდი ლაზერული მჭრელით როგორ აკეთებდნენ ნივთებს და სწორედ აქედან გამიჩნდა ინტერესი, მეცადა და გამეკეთებინა ხის აქსესუარები და არჩევანი ჩანთებზე გავაკეთე.
რატომ გადაწყვიტეთ, შეგექმნათ ხის ჩანთები?
– იმ დროს ბაზარზე არ იყო ხის ჩანთები, ამიტომ გადავწყვიტე რაღაც კუთხით სიახლე შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის. ასევე, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მომხმარებელს საკმაოდ დიდი ინტერესი ჰქონდა ხის ჩანთების მიმართ. ხშირად მეკითხებიან რატომ ფანერი და არა ნატურალური ხე. ფანერი ხის ნარჩენებისგან გადამუშავებული მასალაა, ერთგვარი ხის ფირფიტებია. ამას რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი, ეს სოციალური პასუხისმგებლობას და ეკოლოგიას უკავშირდება და მეორე, ხის მასალა საკმაოდ ძვირადღირებულია, შესაბამისად ჩანთების თვითღირებულებაც მაღალი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ყოფილიყო გადამუშავებული ხე.
როგორია შექმნის პროცესი?
– 2 D პროგრამა ქორელში მუშავდება ფაილები, ვაკეთებ ნახაზებს და შემდეგ უკვე ხდება ლაზერულ მჭრელზე გაშვება სპეციალური პროგრამის საშუალებით. შემდეგ უკვე ხელით ვამუშავებ თითოეულ დეტალს ზეთებითა და სხვადასხვა სახის ნივთიერებით. რაც შეეხება ნახატებს არ გადადის გამოყენების შემდეგ ან წვიმაში მოხვედრის დროს. საღებავი არის ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხოა მისი გამოყენება.
ამ ეტაპზე რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?
– მომხმარებელთან ურთიერთობა და ბაზრის მოთხოვნა გვასწავლის რა სჭირდებათ მათ და რა უნდა დავამატოთ. ასე ნელ-ნელა გავფართობდით და დავამატეთ საყურეები, ბროშები, წიგნაკები და წიგნის სანიშნები. მომხმარებლების სურვილის მიხედვითაც ვქმით ნამუშევრებს, ვაკეთებთ მათ მიერ მოწოდებულ ილუსტრაციებს და ეს კიდევ უფრო მეტად გვეხმარება იმაში, რომ მივხვდეთ როგორი სახის ილუსტრაციები და ნამუშევრები მოსწონთ მათ.
როგორ გაიცნო მომხმარებელმა „ავთინი“?
– საოცარია, მაგრამ ჩვენი ბრენდი გამოჩენისთანავე მოეწონა მომხმარებელს. როდესაც პირველად განვათავსე ფოტოები ფეისბუკის გვერდზე, გვწერდნენ და ყიდულობდნენ. დაახლოებით ერთ თვეში რამდენიმე მაღაზიაც დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით და გვთხოვდნენ, რომ მათთვისაც მიგვეწოდებინა ჩვენი ნამუშევრები.
რა არის ის განმასხვავებელი ნიშა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?
– ხარისხი, ფერები, დახვეწილი ად გამორჩეული ვიზუალი-რასაც ყველაზე ხშირად აღნიშნავენ მომხმარებლები. და ვფიქრობ, რაც ყველაზე მთავარია არის ის, რომ ჩვენ მათ მოთხოვნებს და სურვილებს დიდი მოწიწებით ვეპყრობით და ვცდილობთ ავუხდინოთ ოცნებები. ეს შეიძლება იყოს საასურველი ილუსტრაცია ან სასურველი ფერი.
რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის განვითარების კუთხით?
– თავიდან საქმიანობა მინიმალური თანხით დავიწყეთ და ეს გვიქმნიდა ყველაზე დიდ სირთულეს. მუდმივად ვცდილობდით მოგვეხდინა რეინვესტირება და გაგვეფართოვებინა წარმოება. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, რთული იყო ამ საქმის დაწყება. ამ კუთხით არ მქონდა არანაირი გამოცდილება, თუმცა სწავლისა და მუშაობის პროცესში თანდათან იხვეწებოდა ტექნოლოგიებიცა და შემოქმედებაც.
რა ადგილი უკავია ამ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?
– მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისოა. და უფრო მეტად საინტერესო არის მაშინ, როდესაც მომხმარებელი აღფრთოვანებული ხვდება პროდუქციას. ეს მეხმარება დავივიწყო ყველანაირი დაღლა, კიდევ უფრო მეტად განვვითარდე და მუდმივად ვიფიქრო ახალ იდეებზე.
როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის?
– ჩანთებზე ფასები 38 ლარიდან იწყება და 90 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება საყურეებსა და გულსაბნევებს, მათი ღირებულება 9 ლარიდან და 25 ლარის ფარგლებშია. წიგნაკების შეძენა 18 ლარად შეუძლიათ. მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე რამდენიმე დიდი ქალაქში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ვთანამშრომლობთ მაღაზიებთანაც .
სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რას გეგმავთ მომავალში?
– სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ ვარშავაში, ასევე უახლოეს მომავალში გავიტანთ საბერძნეთშიც. ახლახანს შევიძინეთ სასურველი აპარატურა და ახლა უფრო მეტად შეგვიძლია გაფართოვება და შესაბამისი რაოდენობის პროდუქციის წარმოება.
მარიამ ლეკიაშვილი