ონლაინ შოპინგი ძალიან კარგი საშუალებაა – დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის ვინც ვერ ახერხებს მაღაზიებში სიარულს, ან არ უყვარს. ბოლო დროს მომრავლდა ონლაინ მაღაზიები, მათ შორის ბევრი არასანდო მაღაზია გვხვდება, რომელიც ატყუებს მომხმარებელს. როგორ უნდა მიხვდეს, შემკვეთი, რომ ონლაინ მაღაზია არის სანდო და არა თვითმარქვია. რამდენად აქტიურია მომხმარებელი, არის თუ არა კონკურენცია ბაზარზე. „თბილისი თაიმსი“ ქართული ონლაინ კომპანიების „shop.ge”-ს და „wishlist.ge”-ს წარმომადგენლებს ესაუბრა.
Wishlist.ge: “სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი ონლაინ მაღაზია გაიხსნა, რომლებიც ძალიან მაღალ ფასში ყიდიან პროდუქციას და ასევე ატყუებენ მომხმარებელს, მათ მიერ რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობის შესახებ. ძალიან ხშირია, რომ ჩინურ ბრენდებს და პროდუქტებს ასაღებენ როგორც ევროპულს და უაზროდ მაღალ ფასს ახდევინებენ; ასევე ყოფილა შემთხვევები, რომ თანხა გადაუხდევინებიათ და მერე პროდუქცია არ მიუწოდებიათ. ჩვენ მოგცემთ ზუსტ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გაარჩიოთ სანდო არა სანდოსგან:
- არ ენდოთ ისეთ „მაღაზიებს“, რომლებიც მხოლოდ ფეისბუქის გვერდით ოპერირებენ და არ აქვთ შესაბამისი ვებ გვერდი.
- არ ენდოთ ისეთ „მაღაზიებს“, რომლებსაც სტანდარტული ფეისბუქ მომხმარებლის პროფილი აქვს, არ აქვს სპეციალიზირებული ბიზნეს ფეიჯი და გიგზავნით მეგობრობის მოთხოვნებს. ჩვენი რჩევაა ყველა მსგავსი შემოთავაზება წაშალოთ, ხოლო პროფილი “დაარეფორთოთ” – გაასაჩივროთ.
- თუ კი გადაამოწმეთ, რომ ბიზნეს გვერდს (ფეიჯს) აქვს ვებ. გვერდიც, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ასპექტებს:
- აქვს თუ არა ბარათით გადახდის ოფცია საიტზე – თუ არა, ესე იგი ის ყიდის ყალბ ე.წ. პატენტ პროდუქციას.
- თანამშრომლობს თუ არა ძირითად ბანკებთან განვადების კუთხით
- გადახედეთ საიტზე განთავსებული პროდუქტების ბრენდებს – თუ არის ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები, მაშინ სანდოა. თუმცა მაინც გადაამოწმეთ, არის თუ არა მათ საიტზე რეალიზებული პროდუქცია ორიგინალი.
- გადაამოწმეთ აქვს თუ არა საიტს ადგილზე გადახდის ოფცია – თუ საიტი მხოლოდ წინასწარი გადახდით მუშაობს, მაშინ არა სანდოა; თუ გაძლევთ საშუალებას, რომ კურიერთანაც მოახდინოთ ანგარიშსწორება, ესე იგი სანდოა.
- მიაქციეთ ყურადღება დადებული პროდუქციის წარმომავლობას – თუ საიტზე დევს მეორადი, ან საეჭვო წარმომავლობის ნივთები, მაშინ ყოველ შენაძენზე დაგჭირდებათ დიდი ანალიზის გაკეთება, რამდენად პირველადია ნივთი.
ბოლო 1 წლის მანძილზე, ჩვენ წარმოუდგენელი მოცულობით გავზარდეთ ასორტიმენტი, გავხდით ევროპაში ლიდერი საბავშვო პროდუქციის არაერთი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში; გამომდინარე აქედან მომხარებელთა რიცხვიც საოცრად გაზრდილია. კონკურენცია ჯანსაღია, თუმცა ცოტა უსამართლო ჩვენნაირი მოწინავე და ძლიერი კომპანიისთვის, რადგან ხშირია ჩვენი ინიციატივებისა და აქციების კოპირება. ბიზნესი ძალიან რთულია და მომგებიანობამდეც მისვლა ძალიან დიდ დროსა და შრომით რესურსს მოითხოვს; ამიტომ ესე ერთმნიშვნელოვნად თქმა რთულია – ზოგისთვის არის, ზოგისთვის არა. ჩვენ ნიშურ ბიზნესს არ ვეწევით – ჩვენი მიზანია ამაზონის ტიპის ონლაინ მაღაზიის შექმნა, რომელიც იქნება ლიდერი ამ სფეროში რეგიონის მასშტაბით. იმედი გვაქვს ქვეყნის ინფრასტრუქტურაც და ბანკებიც განვითარდებიან შესაბამისად და უახლოეს მომავალში მივაღწევთ ამ მიზანს.”
Shop.ge: “კარგი იქნება თუ მომხმარებელი სანამ ნივთის შეძენას გადაწყვეტს გაეცნობა ინფორმაციას აღნიშნული ონლაინ მაღაზიის შესახებ. მაგალითად: ნახავს ამ მაღაზიის შეფასებებს: – მომხმარებლების შეფასებები მაქსიმალურად ამცირებს მოტყუების რისკს. ჩვენი საიტის მომხმარებლების სია სულ უფრო იმატებს. მოსახლეობა ნელ – ნელა ეჩვევა ონლაინ შოპინგს. ბაზარზე მეტ ნაკლებად ჯანსაღი კონკურენციაა. რაც შეეხება ონლაინ ბიზნესს – მოგეხსენებათ, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საკმაოდ მაღალ დონეზეა ეს სფერო განვითარებული, რაც შეეხება საქართველოს – ჩვენი ქვეყნისთვის „მომავლის“ ბიზნესია.”
მარიამ ხუციშვილი






