რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეკრებილებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა წიქარიშვილმა მიმართა. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აქციაზე შეკრებილებს ამ დრომდე არ მიმართა და გუშინდელი სპეცოპერაციის შესახებ განცხადება არ გააკეთა, ისინი ქალაქის მთავარ გამზირზე კარვებს დადგამენ და აქციას არ შეწყვეტენ.
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა უკვე დაიწყეს.
„ჩვენი ადრესატი არ ყოფილა ქალაქის მერი, კახა კალაძე. ჩვენ, რეალურად, მისგან არაფერი არ გვაინტერესებს. ის არ არის პასუხის მთქმელი იმაზე, რაც გუშინ გაგვიკეთეს. ამაზე პასუხისმგებელია უმაღლესი მთავრობა, უმაღლესი ეშელონის პირები, რომლებიც ამ დრომდე სდუმან. მათი დუმილი სამარცხვინოა” – თქვა წიქარიშვილმა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს დღეს მოუწოდა, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა.
როგორც “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილს ვადას 22:00 საათამდე აძლევდნენ.