შსს-ში თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლებისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც შს მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა.
გიორგი გახარიას თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არის საერთო პრობლემა და როდესაც შსს-ს აქვს დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს.
“ჩვენ ვართ მზად განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც არსებობს. განსაკუთრებით პარასკევის მოვლენებთან დაკავშირებით. შეიქმნება 2 ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მეორე იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებებზე”, – განაცხადა გახარიამ.
როგორც გახარიამ განმარტა, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა.
“შსს-ს აქვს სხვადასხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. შსს-ს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ძალიან გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირი განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.