მასაჟი როგორც სხეულისთვის აუცილებელი-სამკურნალო, ასევე სარელაქსაციო საშუალებაცაა. იგი ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც თანდათან იხვეწება, რაც მომხმარებელთა რაოდენობაზეც აისახება. ამჯერად, „თბილისი თაიმსი“ სწორედ მასაჟის ხელოვნებით დაინტერესდა. ცხოვრების ჯანსაღი წესის-მასაჟის შესახებ, ცნობილი მასაჟისტების წყვილი, ცოლ-ქმარი, კირილ ზაიაკინი და ნინო ფურცელაძე გვესაუბრებიან. აღსანიშნავია, რომ მათ პაციენტებს შორის არაერთ ცნობილ სახეს, როგორც პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს ასევე შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც ვხვდებით .
კირილ ზაიაკინი:
რამდენად პოპულარულია 21-ე საუკუნეში მასაჟი? ძირითადად, რა ასაკის პაციენტები გყავთ, მომართვიანობა როგორია?
– მასაჟი ყველა დროში პოპულარული პროცედურა გახლავთ. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, ქართველი ხალხი საკუთარ თავს, ჯანსაღ ცხოვრებას უფრო მეტ დროს უთმობს – შესაბამისად მასაჟიც უფრო პოპულარული და მასიური გახდა. აღსანიშნავია, რომ მასაჟი ფუფუნება არ არის, ის ჩვენი სხეულისთვის აუცილებელი პროცედურაა.
რაც შეეხება პაციენტების ასაკს, მე გახლავართ ექიმ მანუალისტი, დავამთავრე მოსკოვის უმაღლესი მასაჟისა და მანუალური თერაპიის აკადემია, ამიტომ ჩემი ყველაზე პატარა პაციენტები ჩვილები არიან და შემდეგ უკვე ყველა ასაკის, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები.
მასაჟი ნებისმიერი ადამიანის ხერხემლისთვის არის აუცილებელი თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც რაიმე განსაკუთრებული პროლემა აღენიშნებათ?
– რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ მასაჟი ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ხანდახან კონკრეტულ პრობლემას ვაწყდებით, რომლის აღმოსაფხვრელად მასაჟით მკურნალობის კურსი ინიშნება. მოგეხსენებათ, დღეს, ყოველ მეორე ადამიანს ადრეული ასაკიდან ხერხემლის გამრუდების პრობლემა აწუხებს.
რამდენად გავრცელებულია ბავშვებში პრტყელტერფიანობა და ამ დაავადებას მასაჟის პროცედურები რამდენად შველის?
– მასაჟი ადრეული ასაკიდან, სწორედ ამ პრობლემებისგან პრევენციის მიზნით, 3 ან 5 წლის ასაკში უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, სწორად ჩატარებული პროცედურული კურსის შემდეგ, პრობლემისგან სრულიად განვთავისუფლდებით.
კირილ ზაიაკინის მეუღლე ქალბატონების სხეულის სრულყოფილებაზე მუშაობს. რამდენად არის მასაჟი წონის კლებისთვის რეკომენდირებული და როგორია ამ პროცედურით დაინტერესება -ნინო ფურცელაძე მოგვიყვება.
ნინო ფურცელაძე: ,,ერთ–ერთი მიზეზით, რითაც როგორც ჩემთან ასევე ჩემს მეუღლესთან მოდიან – ცელულიტი, სხეულის კორექციაა. ასე ვთქვათ, პაციენტებს ვძერწავთ.
ცელულიტი 21 საუკუნის სენია. გამოვყოფდი ცელულიტის სამ სტადიას. 1 სტადიაში ის ნაკლებად შესამჩნევია, მე-2 სტადიაში ხელის შეხებით კანზე მკაფიოდ გამოხატულია. მე- 3 სტადია კი აშკარად შესამჩნევია. პრობლემა უკვე იმდენად მომრავლდა, რომ პაციენტები თინეიჯერულ ასაკშიც მსტუმრობენ. ცელულიტის გამომწვევი ფაქტორებია: მემკვიდრეობა, ჰორმონალური დარღვევები, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, (იმისათვის, რომ ზემო აღნიშნული არ დაირღვეს, სარელაქსაციო მასაჟია აუცილებელი), ზედმეტი წონა, გარემო, მავნე ჩვევები, სტრესი. არასწორი კვება, კუნთების სისუსტე და სხვ.
ჩემს პაციენტებს პრობლემის მიხედვით სპეციალურ კურს ვუნიშნავ. ამ სეანს ერთადერთი რეკომენდაცია აქვს – შეამჩნევ თუ არა, ბრძოლა უნდა გამოუცხადო, რათა განთავისუფლდე.
პაციენტებს კომპლექსურ კურს ვთავაზობ. კურსს თაფლის ანტიცელულიტური სხეულის საკორექციო პროცედურა ეწოდება. ხშირად სვამენ კითხვას, არის თუ არა ალერგიული თაფლი-თქვენი საიტის მეშვეობით მკითხველს ვეტყვი, რომ თაფლი, რომელსაც მე ვიყენებ, სრულიად უსაფრთხოა.
მკითხველს რჩევის სახით ვეტყვი, რომ დაკავდნენ სპორტული აქტიური ცხოვრებით, იკვებონ სწორად და ჯანსაღად. მიიღონ ბუნებრივი სეზონური საკვები.“- განმარტავს მასაჟისტი ნინო ფურცელაძე.
ნინო ზარიძე