მარწყვი ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. საქართველოში ველურად მისი რამდენიმე სახეობა ხარობს: ტყის მარწყვი, მწვანე მარწყვი, მუშკის მარწყვი.
მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ბევრ სასარგებლო თვისებასაც შეიცავს.
წარმოგიდგენთ მის სასარგებლო თვისებებს:
• მარწყვი C ვიტამინის წყაროა – აუმჯობესებს იმუნიტეტს.
• ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს თვალის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის.
• მარწყვი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება კოლაგენი და საჭიროა, მივირთვათ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები იმისთვის, რომ კანს მეტად ახალგაზრდული იერი ჰქონდეს.
• ის ამცირებს სახსრის ანთებას.
• მარწყვი აწესრიგებს არტერიულ წნევას. კალიუმი არეგულირებს წნევას და ამცირებს ჰიპერტენზიას.
• ებრძვის ცუდ ქოლესტერინს.
• მარწყვი გვინარჩუნებს ჯანსაღ წონას, რომლის წყალობითაც დაცულები ვართ გულის დაავადებისა და დიაბეტის ტიპი 2–სგან. მარწყვი დაბალკალორიული და უცხიმო ხილია.
საზოგადოდ, მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვის კიდევ ერთი ღირსება ფიტონციდების მაღალი შემცველობაა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. ვიტამინები მარწყვის ფოთლებში უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში. ტყის მარწყვს ჭიების გამოძევების უნარიც შესწევს.
თუმცაღა, ამ სასარგებლო თვისებების მიუხედავად, მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. უპირველეს ყოვლისა, სიფრთხილე მოეთხოვებათ მგრძნობიარე და ალერგიულ ადამიანებს. მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამ კენკრას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომლებსაც კუჭის წყლული და გასტრიტი, ანდა სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ.
უნდა აღინიშნოს, მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ: ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის. სასურველია, გარეცხოთ უშუალოდ მოხმარების წინ, თანაც – სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს.
ნინო ზარიძე