თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტის დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ პროექტი პირველ ეტაპზე ვარკეთილს შეეხება.
“მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, ვსაუბრობ ჩემს ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე, მის მიმართ ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. მე მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. ჩვენ როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლებამოსილება და მერიაში მუშაობას შევუდექით, მაშინვე დავიწყეთ სამუშაოები და პროექტების შედგენა, თუ რა შეიძლებოდა წარგვედგინა მოსახლეობისთვის. ჩვენმა სამსახურებმა ძალიან ბევრი იმუშავეს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარვადგინოთ პირველი პროექტი. თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ადამიანს გულით გჯერა და მონდომებული ხარ, რომ გარკვეული პროექტები განხორციელდება, ყველაფერი არის შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.