საქართველოს მთავრობა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს და მის მიმართ გაკეტებულ განცხადება ეხმიანება. სპეციალური განცხადება პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.
როგორც განცხადებაში წერია, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველსავე დღეს მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რის შემდეგაც განაცხადა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადადგამდა.
ამასთან, 1 ივნისს, მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით. გუშინ კი, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ილაპარაკა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ.
“ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამასთან, პრემიერმინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში – სახალხო დამცველთან ერთადაც. მედიას კი, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს ამ შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები,”- წერია განცხადებაში.