ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ტარდება, აქვს ძალიან კონკრეტული შედეგი, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებისა და ბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შედეგს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს.
,,პირველ კვარტალში კერძო სექტორის ბრუნვა ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და ანაზღაურება – ხელფასები“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ეკონომიკის სწორი მიმართულებით განვითარებას ცხადყოფს. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს რეფორმები მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია.
„აღნიშნული რეიტინგი წლის ბოლომდე მზარდი ტენდენციით შენარჩუნდება და საქართველოს ექნება დამატებითი ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციების შემოდინება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ, რომლის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.