თევზის ხინკალი, პელმენი, კატლეტი და ბლინი უკვე გაყიდვაშია, ამის შესახებ „თბილისი თაიმსთან“ თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზის“ დირექტორმა დიტო წვერავამ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში, სუშის წარმოებაც შედის.
კომპანია წლიურად 150 ტონა 35- მდე სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. რომელთა შორისაა, 4 დასახელების თევზის სალათი, ზუთხი, კალმახი, მიდიები და სხვა. სიახლეა ის, რომ კომპანიამ უკვე გამოუშვა თევზის ხინკალი, პილმენი და ბლინი. ბაზარზე პროდუქცია „უმალის“ ბრენდით იყიდება.
„ჩვენ უკვე ქსელში გვაქვს ხინკალი, პილმენი, კატლეტი და ბლინი. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ მარხვის პერიოდია და გვინდოდა, მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა განსხვავებული სახის პროდუქცია. მართალია თავიდან მომხმარებელს უჭირდა იმის აღქმა, რომ თევზის ხინკალიც შეიძლება გემრიელი იყოს, თუმცა დაგემოვნების შემდეგ, ახალმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.ფასიც მისაღები და ხელსაყრელია მომხმარებლებისთვის. “
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიტო წვერავას თქმით, კომპანია სუშის წარმოებას და ასევე, პროდუქციის ექსპორტზე გატანა სურს.
„ ამ ეტაპზე ვფიქრობთ იაპონური სუშის წარმოება. ასევე ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თევზი მაღალი რისკის პროდუქტია, ამისთვის საერთაშორისო სერთიფიკატებია საჭირო. ჩვენ უკვე შეტანილი გვაქვს განაცხადი. ეს არის რამდენიმე თვიანი პროცესი, რომლის 80% უკვე გავლილი გვაქვს. სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გვექნება სერთიფიკატი და ამის მერე უკვე დავიწყებთ ექსპორტს. გვყავს პარტნიორები ისრაელში, ასევე ევროპის ქვეყნებში, რომელთანაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. კალმახისა და ორაგულის იმპორტით დაინტერესებულია რამდენიმე ქვეყანა და სექტემბრისთვის აუცილებლად გავიტანთ ექსპორტზე.“
შეგახსენებთ, თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის” ფარგლებში შეიქმნა.
კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის” ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
მარიამ ლეკიაშვილი