ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ შესაძლოა ემიგრანტებისთვის პენსიის გაცემა შეწყვიტოს, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის პენსიის გაცემის შეწყვეტა არ იგეგმება და შესაბამისად, ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ პენსიას. ამ მხრივ ცვლილებების განხორციელებაც არ არის მოსალოდნელი.“ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს პენსიას 732 100 ადამიანი იღებდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით საქართველოდან 2017 წელს უცხოეთში სამუშაოდ და საცხოვრებლად წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ 85 451 კაცი შეადგინა.
2014-2016 წწ. (საქსტატის) მონაცემების მიხედვით, ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან იზრდებოდა. 2014 წელს მათი რაოდენობა 88,704 შეადგენდა, რომელთა შორის 69,855 საქართველოს მოქალაქე იყო. 2015 წელს კი, უკვე 95,965 ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, რომელთა უმრავლესობა (67,452) საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 2016 წელს ემიგრანტთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა და 98,288-ს მიაღწია, თუმცა მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა (64,705).
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. პროექტის თანახმად, დაგროვებითი პენსიის პრინციპი ასეთია: თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს – თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, თუკი ისინი სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ, პირად ანგარიშზე ყოველთვიურად დასაბეგრი შემოსავლის 4% უნდა შეიტანონ.
ნინი მაზიაშვილი