ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში 33 პირი მოხვდა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ სიაში შეყვანილები არიან ის დამნაშავეები და მსჯავრდებული პირები, რომლებიც ამხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა მკვლელობა, გატაცება და წამება.
„წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს”, – განაცხადა პრემიერმა.
ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს სიაში შემავალი პირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყველა შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსასრულებლად.