ხშირად ვრცელდება ფოტოები, კეთდება სატელევიზიო სიუჟეტები და ინფორმაციები თუ როგორ დაიტბორა წვიმის შედეგად ქალაქი რუსთავი, როგორ გამოვიდა მწყობრიდან საკომუნიკაციო საშუალებები… ბოლო პერიოდში, ქალაქში განვითარებული მოვლენა შეიძლება ითქვას, რომ მძაფრსიუჟეტიან ფილმს დაემსგავსა…
2 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ რუსთავი საკმაოდ დააზარალა. დაიტბორა – ქუჩები, სარდაფები, ცენტრალური გზები და შიდა ეზოები.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა და რუსთავისს მერიას მიმართა კითხვით – არის თუ, არა დაგეგმილი ქალაქ რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტი, რათა სამომავლოდ მსგავსი პრობლემების თავიდან აცილება მოხდეს…
რუსთავის მერია: “2 ივნისს, რუსთავში, რამდენიმე საათიანი ინტენსიური წვიმის შედეგად, ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. კერძოდ, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სატრანსპორტო კოლაფსი, მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო საშუალებები. წყლის მძლავრი ნაკადის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა საქალაქო და სამაშველო სამსახურების ფუნქციონირება. ქალაქის დატბორვის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი გახდა ტალახნარევი წყლის მასა, რომელიც რამდენიმე ნაკადად ჩამოვიდა იაღლუჯის მთის ფერდობიდან.
ქალაქის ხელმძღვანელობამ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებთან. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თბილისი–წითელი ხიდის გზატკეცილის პროექტირებისას, მოხდეს მთელ პერიმეტრზე (დასახლებული პუნქტის გასწვრივ) სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში ქალაქის დატბორვის საფრთხის აღმოფხვრას და სახელმწიფო დანიშნულების გზის ამ მონაკვეთის უსაფრთხოებას.
ქალაქის დატბორვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა მაგისტრალისა და ავტობაზრობის ქვეშ გამავალი კოლექტორიც, რომელიც ღია არხის საშუალებით, პირდაპირ მიედინება ქალაქის მიმართულებით. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, დაწყებულია მუშაობა, რათა ქალაქი სრულად დაცული იქნას სტიქიის დროს,” – აცხადებენ რუსთავის მერიაში.
მარიამ ხუციშვილი