რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
გზის მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობისთვის გადაადგილება გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. დასრულებული გზა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია. ამ გზის რეაბილიტაციაზე ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინეს უსაფრთხოების ნორმები.
გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. ეს მეთოდი აქამდე არ იყო საქართველოში აპრობირებული და ევროპიდან გადმოიტანეს.
დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება.
მშენებლობის პროცესში გამოკვლეულია დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები 8 ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. მოხდა კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 29 მილიონ ლარს სცდება.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.