მსოფლიო 30 ივლისს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღისთვის ემზადება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა 2013 წლიდან აღნიშნავს ამ დღეს.რაც დრო გადის, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში უფროდაუფრო მეტი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ტრეფიკინგი ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და სერიოზული დანაშაულია. განსაკუთრებით დიდია ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა ქალებსა და ბავშვებში. მათი რიცხვი დაახლოებით, 70%-ია. ტრეფიკერები აგროვებენ ადამიანიებს, უმეტესად ისეთ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც სიღარიბითა და საარსებო რესურსების სიმცირით გამოირჩევიან. ისინი ადამიანებს იზიდავენ უკეთესი ცხოვრების დაპირებით და შემდეგ აიძულებენ იცხოვრონ და იმუშაონ უსამართლო, არაჰუმანურ ან ძალადობრივ პირობებში.
მსოფლიო ბანკის 2018 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგის რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბოლო 7 წლის განმავლობაში. საგანგაშო მონაცემებია აფრიკაში, სადაც 2011 წლიდან (8,900 მსხვერპლი) 2017 წლამდე მსხვერპლთა რაოდენობა სამჯერ არის გაზრდილი და 24,138 ადამიანს შეადგენს.
აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტრეფიკინგის მსხვერპლთა ყველაზე მაღალი რაოდენობა 2015 წელს დაფიქსირდა – 13,990 ადამიანი. 2017 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 10, 819 ადამიანს შეადგენს. სახიფათოა სიტუაცია ჩინეთსა და ფილიპინების კუნძულზე,სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ევროპის ტერიტორიაზე 2011 წლიდან 2017 წლამდე ტრეფიკინგის მსხვერპლთა რიცხვი 10,185 ადამიანიდან 12,750 ადამიანამდე გაიზარდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა 2016 წელს იყო,როდესაც 13, 349 ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირება მოხდა სამართალდამცავების მხრიდან.
საინტერესოა,რომ შუა აზიის ტერიტორიაზე ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა კლებულობს, ყველაზე მაღალი რაოდენობა 6,068 მსხვერპლი დაფიქსირდა 2015 წელს, შემდგომ 2016 წელს ამ რიცხვმა თითქმის ორჯერ იკლო და 3,292 შეადგინა და 2017 წლის მონაცემებით ამ ტერიტორიებზე ტრეფიკიგის 1,834 მსხვერპლი იქნა იდენტიფიცირებული.
აშშ, კანადა, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე ტრეფიკინგის შემთხვევა უმნიშვნელოდაა გაზრდილი, თუმცა 2017 წლისთვის 10,011 შემთხვევა დაფიქსირებული.
სამწყუხაროდ, საგანგაშო მდგომარეობაა ცენტრალურ აზიაში: ინდოეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ბანგლადეში ნეპალი, ტაჯიკეთი, ამ ქვეყნებში 10-ჯერ გაიზარდა ტრეფიკინგის შემთხვევათა რიცხვი 2011 წლიდან 2017 წლამდე. 2015 წელს დაფიქსირდა 24,876 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს 40,857.
გასათვალისწინებელია ისიც,რომ ტრეფიკინგის შემთხვევათა დიდი ნაწილი გამოუმჟღავნებელი რჩება. აშშ-ის სახელმიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად შრომითი თუ სექსტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს ასობით მოქალაქე ხდება, ქართველი კაცები და ქალები იძულებით სამუშაოს ექვემდებარებიან ქვეყნის შიგნით, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსში და ერაყში. ქართველი, ბოშა და ქურთი ბავშვები იძულებით მათხოვრობას ექვემდებარებიან.
ნათია კეკენაძე