„ვეხმაურები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ, სასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში ჩემი ოჯახის კუთვნილი, საქართველოში მერსედესის (შპს „აკა“) წარმომადგენლობის, სასამართლოში მიმდინარე და ჯერ კიდევ დაუსრულებელი საქმის მასალების გამოქვეყნებას და შეფასებას“, – ამის შესახებ დღეს მაკა ასათიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ (მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება.
„მივმართავ თხოვნით ორგანიზაციას, პირველ რიგში მოიხადოს ბოდიში ასეთი შინაარსის კვლევაში ჩემი ოჯახის ბიზნესის მოხსენიებისთვის. ასევე მივმართავ, რომ საჯაროდ ახსნან, თუ რა კრიტერიუმით მოხვდა ამ ანგარიშში მხოლოდ ერთადერთი მიმდინარე დაუმთავრებელი საქმე, თუ რატომ მიიღეს ინფორმაცია და დოკუმენტები ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარისგან, რატომ აფასებენ საქმის მხოლოდ დასასრულის სტადიას და არა საწყისიდან, რომელიც 22 წლის წინ დაიწყო. აფასებენ თუ არა იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა დადგეს ჩვენი ქვეყნისა და მისი რეპუტაციის მიმართ, მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი გიგანტი კომპანიის, „დაიმლერ ბენც“-ის მხრიდან. რამდენად გათვალისწინებულია ბიზნესის ინტერესები…
იმ შემთხვევაში, თუ ორი დღის ვადაში არ იქნება ნება და გადადგმული ნაბიჯები, გამოსწორდეს ,,შეცდომა’’, უფლებას ვიტოვებ, რომ არა მარტო დავიწყო სასამართლო დავა თქვენს მიმართ, არამედ იმ ქვეყნების საელჩოებს, რომელთა დაფუძნებული და დაფინანსებულია თქვენი ორგანიზაცია, დასაბუთებულად დავუდასტუროთ ფაქტი, არაობიექტურობის, მიკერძოების, კერძო ბიზნესში ჩარევის და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობის შესახებ“, – აცხადებს ასათიანი ორგანიზაციის მისამართით.